ახალი ამბები
ხაშურის საბავშვო ბაღების გაერთიანებას ტომატ-პასტის შესყიდვის ტენდერი ჩაეშალა

ხაშურის საბავშვო ბაღების გაერთიანების ცნობით, 15 სექტემბრამდე საბავშვო ბაღებში ტომატ-პასტის მომარაგება ვერ ესწრება. ამის შესახებ გაერთიანებამ შესყიდვების სააგენტოს 3 სექტემბერს აცნობა.

6 სექტემბერს შესყიდვების სააგენტომ ბაღების გაერთიანებას სთხოვა, დაესაბუთებინა, რატომ ვერ მოხერხდა შესყიდვის დროულად განხორციელება.

გაერთიანების განმარტებით, ტომატ-პასტის შესაძენად ორი ტენდერი გამოცხადდა, თუმცა ორივე მათგანი ჩავარდა. სააგენტოსთვის აღნიშნული არგუმენტი საკმარისი არ აღმოჩნდა, რადგან ორივე ტენდერი მხოლოდ აგვისტოში იყო გამოცხადებული.

„გთხოვთ განგვიმარტოთ, რა ღონისძიებები იყო გატარებული, ვიდრე ეს შედეგი დადგებოდა“, - აცნობა შესყიდვების სააგენტომ ხაშურის საბავშვო ბაღების გაერთიანებას.

სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის თანახმად, გაერთიანებას უნდა განემარტა, რა ღონისძიებები იყო გატარებული აგვისტომდე, რათა შესყიდვა დროულად განხორციელებულიყო. თუმცა, ამ საკითხზე სააგენტოში პასუხი არ გაგზავნილა.

შედეგად, 9 სექტემბერს შესყიდვების სააგენტომ ხაშურის საბავშვო ბაღების გაერთიანების მოთხოვნის წერილი განუხილველად დატოვა.

საქმე 30 კილოგრამი ტომატ-პასტის შესყიდვას ეხება. მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ხაშურის საბავშვო ბაღების გაერთიანებას 30 კგ ტომატ-პასტის შესაძენად ტენდერის ხელახლა გამოცხადება მოუწევს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები