ახალი ამბები
კომუნიკაციების კომისიამ „თრიალეთს“ წერილობითი გაფრთხილება მისცა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთს“ წერილობითი გაფრთხილება მისცა.

ამის მიზეზი სხვა კომპანიაში, კერძოდ შპს ,,აქცეპტში'' მეწილეების ცვლილება გახდა. კომისიის გადაწყვეტილების მიხედვით, 2026 წლის 27 მარტს შეიცვალა შპს „აქცეპტის“ საკუთრების სტრუქტურა, რაც კომისიისთვის უცნობი იყო. ,,აქცეპტი'' ფლობს „თრიალეთის“ 10%-იან წილს

კომპანია ,,აქცეპტში'' 100%-იანი წილის მფლობელი გახდა კახა კობიაშვილი. შედეგად, კომისიის შეფასებით, შეიცვალა „თრიალეთის“ არაპირდაპირი ბენეფიციარი მფლობელობა.

ვინ არის კახა კობიაშვილი და რას წარმოადგენს კომპანია შპს ,,აქცეპტი''. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს 2015 წლის ანგარიშის თანახმად, კახა კობიაშვილი ბიძინა ივანიშვილის ნათესავია. ასევე არის ცხრა სხვადასხვა ოფშორული კომპანიის იურიდიული წარმომადგენელი”.

კომკომის პოზიციით, მსგავსი ცვლილების განხორციელებამდე „თრიალეთს“ კომისიისთვის წინასწარ უნდა ეცნობებინა და შესაბამისი თანხმობა მიეღო. ამასთან, კომპანიას ცვლილების შესახებ ინფორმაცია კანონით დადგენილ 7-დღიან ვადაში არ წარუდგენია. კომისიამ ასევე მიუთითა, რომ მაუწყებელს ცვლილებიდან 10 დღის ვადაში შესაბამისობის დეკლარაცია უნდა წარედგინა.

„თრიალეთი“ კომისიის პოზიციას არ ეთანხმება. კომპანიის განმარტებით, ცვლილება უშუალოდ მის წილში არ მომხდარა: ,,თრიალეთმა'' ასევე განაცხადა, რომ გარიგების შესახებ წინასწარ ინფორმაცია არ ჰქონდა და ცვლილება თავად აღმოაჩინა, რის შემდეგაც კომისიას აცნობა.

კომისიამ ეს არგუმენტი არ გაიზიარა და განმარტა, რომ შესაბამისი ვალდებულება ვრცელდება როგორც წილის პირდაპირ, ისე არაპირდაპირ გასხვისებაზე. კომისიის შეფასებით, ცვლილების შესახებ ინფორმაციის წინასწარ მიღება აუცილებელია ბაზარზე შესაძლო კონკურენტული გავლენის შესაფასებლად.

კომისიამ დაადგინა, რომ ,,აქცეპტში'' მომხდარი ცვლილებები კომუნიკაციების ბაზარზე ახალ გარემოებას არ ქმნის და კონკურენტულ გარემოსთან თავსებადია. შესაბამისად, „თრიალეთისთვის“ სპეციალური ღონისძიების დაკისრების საჭიროება არ გამოიკვეთა.

კომისიამ გაითვალისწინა ისიც, რომ „თრიალეთს“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი დარღვევისთვის პასუხისმგებლობა არ დაკისრებია. შედეგად, კომპანიას ჯარიმის ნაცვლად წერილობითი გაფრთხილება მიეცა. კომისიის გადაწყვეტილება 27 აგვისტოს სხდომაზე იქნა მიღებული.

Print

სტატიის გამოყენების პირობები