ახალი ამბები
კასპის მერი იაპონიაში ჩავიდა - ოფიციალური ცნობა იაპონიაში არ იძებნება

კასპის მერია აცხადებს, რომ მერი ვახტანგ მაისურაძე იაპონიაში დამეგობრებულ ქალაქ ,,ჰინო თაუნს'' ეწვია.

იაპონურ ოფიციალურ წყაროებში კასპსა და ჰინო თაუნს შორის დამეგობრების ფაქტი ვერ მოიძებნა. საუბარია ქალაქზე, რომელიც ,,შიგას პრეფექტურაში'' მდებარეობს და რომლის მოსახლეობა 21 ათასს აღწევს.

კასპის მერიის გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ვახტანგ მაისურაძე, პარლამენტარ ირაკლი მეზურნიშვილთან ერთად, ჰინო თაუნის მერს კაზუჰირო ჰორიესს შეხვდა, თუმცა არც ჰორიესის ოფიციალურ გვერდზე მოიძებნება კასპთან დამეგობრების ან მის მერთან შეხვედრის შესახებ მასალა.

უფრო ადრე, 2025 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტმა ოფიციალურად გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც იაპონიის ელჩთან შეხვედრაზე კასპელმა პარლამენტარმა ირაკლი მეზურნიშვილმა განიხილა იაპონიის ჰინოსა და კასპის მუნიციპალიტეტის დამეგობრების იდეა. პარლამენტის ცნობაში ნათქვამია, რომ მოსამზადებელი სამუშაოების დასრულების შემდეგ მხარეებს დამეგობრების მემორანდუმი უნდა გაეფორმებინათ.

კასპისა და ჰინო თაუნის უკვე ოფიციალურად დამეგობრების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის მხოლოდ კასპის მერიის განცხადებიდან დასტურდება.

ჰინო თაუნის ოფიციალურ გვერდზე ჩამოთვლილია მისი დამეგობრებული ქალაქები: ბრაზილიის ემბუ, სამხრეთ კორეის ეუნსან-მიონი და გერმანიის ნოიშტადტ ან დერ აიში

Print

სტატიის გამოყენების პირობები