ახალი ამბები
გორის ახალბაღში 252 სათვალთვალო კამერას დაამონტაჟებენ

გორის ახალბაღის ტერიტორიაზე 252 სათვალთვალო კამერას დაამონტაჟებენ. ტენდერი გამოცხადდა, დაიხარჯება 360 000 ლარი. სამუშაოები ახალ წლამდე უნდა დასრულდეს.

პერიმეტრული მონიტორინგის კამერა იქნება 222 ცალი, რომელიც განთავსდება პარკის ბილიკებზე, ღია სივრცეებში, დასასვენებელ ზონებსა და პერიმეტრზე.

,,მათი დანიშნულებაა ტერიტორიის უწყვეტი ვიდეომონიტორინგი, საერთო უსაფრთხოების კონტროლი და შესაძლო ინციდენტების დაფიქსირება.'' - აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტში.

რაც შეეხება ანალიტიკური კონტროლის კამერას, ამ ტიპის 24 ცალი კამერა განთავსდება ხელოვნური ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, საბავშვო მოედნებთან, აქტიურ ზონებსა და სხვა კრიტიკულ მონაკვეთებზე.

,,მათი დანიშნულებაა აღნიშნული ტერიტორიების გაძლიერებული ვიდეომონიტორინგი და ვიდეოანალიტიკური ფუნქციების გამოყენებით საეჭვო ან არასასურველი მოვლენების გამოვლენა და კონტროლი.'' - ვკითხულობთ დოკუმენტში.

ირკვევა, რომ კამერებს შორის იქნება ადამიანთა ნაკადის მთვლელი კამერა:

,,ფართო ზონისთვის 3 ცალი დამონტაჟდება ძირითად შესასვლელებსა და გასასვლელებში. მათი დანიშნულებაა ვიზიტორთა რაოდენობის ავტომატური აღრიცხვა, ადამიანთა ნაკადის დათვლა და მიღებული მონაცემების სტატისტიკური ანალიზი.'' - წერია დოკუმენტში.

რაც შეეხება ვიწრო შესასვლელებს, ასეთი შესასვლელი ახალბაღს ერთ ლოკაციაზე ჰქონია:

,,ადამიანთა ნაკადის მთვლელი კამერა, ვიწრო ზონისთვის 1 ცალი განთავსდება კონტროლირებად გასასვლელსა და საფეხმავლო მარშრუტზე. მისი დანიშნულებაა კონკრეტულ მონაკვეთზე ადამიანთა ნაკადის დათვლა და ანალიზი.'' - აღნიშნულია დოკუმენტში.

კამერებს შორის იქნება შიდა გამოყენების 2 ცალი კამერა, რომელიც განთავსდება მონიტორინგის ოთახში, ადმინისტრაციულ და ტექნიკურ სივრცეებში. მათი დანიშნულებაა შიდა სივრცეების უსაფრთხოებისა და საქმიანობის ვიდეომონიტორინგი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები