ახალი ამბები
გორში მე-11 საჯარო სკოლის მშენებლობა მე-4 წელია შეჩერებულია

გორში, სადგურის დასახლებაში, მე-11 საჯარო სკოლის მშენებლობა 2022 წელს დაიწყო და დღემდე არ დასრულებულა.

წმინდაწყალზე კი ორი დიდი კორპუსის მშენებლობა 2023 წელს დაიწყო, ერთ-ერთი კორპუსი უკვე აშენებულია და მოსახლეობაც შესახლებულია. მეორე კორპუსის მშენებლობაც აქტიურად მიმდინარეობს და, არსებული ტემპის გათვალისწინებით, მისი დასრულებაც მალე არის მოსალოდნელი.

რაც შეეხება მე-11 სკოლას, ორი წელია მესამე სართულზე არიან გაჩერებულნი. სამუშაოების დასრულება თავდაპირველი ხელშეკრულებით კომპანია „ენ ენ ჯგუფს“ 2024 წელს უნდა მოესწრო.

2025 წლის ბოლოს პროექტზე პასუხისმგებლობა მუნიციპალური განვითარების ფონდმა გადაიბარა. ფონდში განიხილეს, გაეგრძელებინა თუ არა მშენებლობა კომპანიას. მშენებლობის უფლება კვლავ „ენ ენ ჯგუფს“ დაუტოვეს.

,,ახალი ტენდერის გამოცხადების შემთხვევაში დამატებითი ხარჯები იქნება საჭირო, ხოლო მშენებლობის ღირებულების 15-30%-იანი ზრდაა მოსალოდნელიო'' - აღნიშნავდნენ მუნიციპალურ განვითარების ფონდში.

ხელშეკრულების მიხედვით, სადგურის დასახლებაში უნდა აშენდეს თბილისის №138 საჯარო სკოლის ანალოგიური თანამედროვე შენობა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები