გორის მე-11 საჯარო სკოლის ახალი შენობის მშენებლობისთვის განსაზღვრული ვადა, 2026 წლის 1-ელ სექტემბერს, მეექვსედ ამოიწურა.
სკოლის მშენებლობა 2022 წელს დაიწყო და თავდაპირველი გეგმით, სამუშაოები 2024 წელს უნდა დასრულებულიყო. ვადა 6-ჯერ გაუხანგრძლივეს.
№11 საჯარო სკოლის ძველი შენობა 2020 წელს დაანგრიეს. მისი დემონტაჟისა და ახალი შენობის მშენებლობის პროცესის გამო, სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს საკუთარი შენობით სარგებლობა უკვე ექვსი წელია არ შეუძლიათ.
შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, პროექტისთვის ჯამში 11 მილიონი ლარია გამოყოფილი, ამ დროისთვის კი დაახლოებით 4.5 მილიონი ლარია დახარჯული. სამუშაოებს კომპანია შპს „ენ ენ ჯგუფი“ ახორციელებს.
მშენებლობის მიმდინარეობისას პრობლემები ,,შეამჩნიეს'' საყრდენ კოლონებთან დაკავშირებით. 2024 წელს მათი მდგომარეობის შესამოწმებლად ექსპერტიზა ჩატარდა, რომელიც 2025 წლის მაისამდე გაგრძელდა. კომპანიას მიზეზი ჰქონდა, რომ სამუშაოები აღარ გაეგრძელებინა. დასკვნის მიხედვით, კოლონებს პრობლემებს დეფექტი არა აქვს, ერთ-ერთი კოლონა 0.7 სმ-დან 1,2 სმ-მდე შეტრიალებულა. ექსპერტი წერს, რომ მთავარია გადახრა არ დაფიქსირებულაო.
კომპანია სამუშაოების შეფერხების მეორე მიზეზად მეზობლებს ასახელებს. დოკუმენტში აღნიშნულია:
,,ვიზუალური დათვალიერებისა და წარმოდგენილი მასალების საფუძველზე, სამშენებლო ობიექტის წითელ ხაზებში ფიქსირდება მომიჯნავე ნაკვეთების მცხოვრებთა საცხოვრებელი ფართების, გზის სავალი ნაწილისა და ჭიშკრების შემოჭრა.''
,,აღნიშნული გარემოება ქმნის დაბრკოლებას და აფერხებს, მათ შორის, გარე ქსელების, საქვაბის, სტადიონისა და ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოების გეგმა-გრაფიკის შესაბამისად შესრულებას.'' - წერია დასკვნაში, რომელიც ვადის გაგრძელების ერთ-ერთი საფუძველი გახდა.
მუნიციპალური განვითარების ფონდის დოკუმენტაციის თანახმად, უწყება კიდევ 32 დღეს დაელოდება, რის შემდეგაც მშენებლობის ვადის კიდევ ერთხელ გადაწევის საკითხი განიხილება.
რატომ 32 დღე? სამუშაოების დასრულების შემდეგ კომპანიას ერთი თვის ვადაში შენობის ექსპერტიზის დასკვნის წარდგენა ევალებოდა. თუმცა, შენობა არაა დასრულებული და შესაბამისად ვერანაირი დასკვნა მომზადდება.
32 დღის შემდეგ, 20 ოქტომბერს გახდება ცნობილი გაუხანგრძლივდება თუ არა მშენებელ კომპანიას ვადა მე-7-ედ.
სტატიის გამოყენების პირობები