ფოტოზე წარმოდგენილი ოთახის გამო გორის კულტურის სახლში დირექტორსა და თანამშრომელს შორის დაპირისპირება მოხდა. მიზეზი გახდა ოთახი, რომლის მოსარგებლემ დირექტორს უარი უთხრა, მის სამუშაო სივრცეში სხვა პირების, მათ შორის მანდატურების, განთავსებაზე.
კულტურის სახლში თანამშრომლებს სამუშაო სივრცე არ ჰყოფნით.
„ქართლის ამბებს“ კულტურის სახლში განუცხადეს, რომ დაპირისპირება მართლაც მოხდა დირექტორ ქეთევან იარდალაშვილსა და თანამშრომელ ნინო ჩერქეზიშვილს შორის. მათი ინფორმაციით, დირექტორმა ნინო ჩერქეზიშვილს მოსთხოვა, რომ მის ოთახში მანდატურებიც განთავსებულიყვნენ, რასაც თანამშრომლისგან წინააღმდეგობა მოჰყვა.
„ჩვენ მხოლოდ ხმაური გავიგეთ, საკმაოდ ხმამაღალი საუბარი გამოდიოდა. ოთახში რა ხდებოდა, არ შევსწრებივართ. ჩვენ მხოლოდ ის ვიცით, რომ მედდას არ უნდოდა მანდატურებთან ერთად ყოფნა“, – გვითხრეს კულტურის სახლში. მათივე ინფორმაციით, დაპირისპირება მხოლოდ სიტყვიერი იყო, თუმცა ძალიან უხეში.
ფაქტზე მერიაში მოკვლევა დაიწყო. შეიქმნა კომისია, რომლის წინაშეც თანამშრომლები ახსნა-განმარტებებს აბარებენ. საბოლოო გადაწყვეტილებას, კომისიის დასკვნის საფუძველზე, კულტურის ხელშეწყობის სააგენტოს ხელმძღვანელი გვანცა მჭედლიშვილი მიიღებს.
კულტურის სახლის დირექტორი და თანამშრომელი დღეს დილიდან შვებულებაში იმყოფებიან. ისინი ადგილზე არ დაგვხვდნენ.
დირექტორმა ქეთევან იარდალაშვილმა სატელეფონო საუბრისას გვითხრა, რომ საკითხი გასაშუქებელი არ არის. მისი თქმით, თანამდებობიდან წასვლას არ აპირებს და შვებულების დასრულების შემდეგ სამუშაოს დაუბრუნდება.
გორის კულტურის სახლი მერიის ა(ა)იპ „კულტურის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს“ ექვემდებარება.
როგორც ირკვევა, კულტურის სახლში არსებულ დაძაბულ სიტუაციაზე, მათ შორის თანამშრომლებსა და დირექტორს შორის სხვა დაპირისპირების ფაქტებზე, მერიამ ბოლო ინციდენტის შემდეგ დაინტერესდა.
სტატიის გამოყენების პირობები