ახალი ამბები
ხაშურში ჩაშლილი ტრანსლაციის გამო მერია ინდმეწარმეს ეძებს

ხაშურის მერია იმ ინდმეწარმეს დასაჯარიმებლად ეძებს, რომელსაც მუნიციპალიტეტმა ჩემპიონთა ლიგის ფინალის ღია სივრცეში ტრანსლაცია შეუკვეთა, თუმცა მატჩის დაწყებისას გამოსახულება ეკრანიდან გაქრა.

მერიამ მოკვლევით დადგინდა, რომ გამოსახულების გაქრობა ინდმეწარმის ბრალეულობით მოხდა, ამიტომ, ხაშურის მერმა წერილი გაუგზავნა და ჯარიმის სახით 400 ლარის გადახდა მოსთხოვა.

ჩემპიონთა ლიგის ფინალში „პარი სენ-ჟერმენი“ და „არსენალი“ ხვდებოდნენ. მერია მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე მოქალაქეებს მოუწოდებდა, სკვერში შეკრებილიყვნენ და ფინალს ერთად ეყურებინათ.

ტრანსლაციისთვის მერიასა და ინდმეწარმეს შორის 4 000 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გაფორმდა. თუმცა, 30 მაისს, მატჩის დაწყებისას, ეკრანზე გამოსახულება გაქრა და ტექნიკური პრობლემის გამო ტრანსლაცია ვერ განხორციელდა.

უწყების ცნობით, ინდმეწარმეს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თელიანში მიაკითხეს, თუმცა ადგილზე არ დახვდათ და წერილის ჩაბარებაც ვერ მოხერხდა.

მომხდარის გამო ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყდა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ კი მიმწოდებლის შავ სიაში რეგისტრაციის გადაწყვეტილება მიიღო. შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე ჯარიმის გადახდის დოკუმენტი არაა ატვირთული.

Print

სტატიის გამოყენების პირობები