ახალი ამბები
ხაშურის მე-5 სკოლაში სასწავლო პროცესი მოულოდნელად შეწყდა

ხაშურის მე-5 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა. 18 სექტემბრიდან მოსწავლეები ონლაინ რეჟიმში სწავლობენ. 15 სექტემბერს კი სკოლის ეზოში ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

სკოლაში „ქართლის ამბებს“ განუცხადეს, რომ ამ ეტაპზე ისინი ონლაინ რეჟიმში სწავლობენ. პარალელურად, განიხილება მათი ხაშურის #8 საჯარო სკოლაში გადაყვანისა და სასწავლო პროცესის იქ გაგრძელების საკითხი.

„მოვიდა ინფორმაცია, რომ სასწავლო პროცესი უნდა შეწყდეს. პარასკევიდან ბავშვები ონლაინ რეჟიმში გადავიყვანეთ. დაახლოებით ერთი კვირის ვადა მოგვცეს, რომ საბოლოოდ გადაწყდეს, რა იგეგმება. განიხილება მერვე სკოლაში ბავშვების გადაყვანა. რა გახდა ზუსტი მიზეზი და რა დასკვნა არსებობს სკოლის შენობასთან დაკავშირებით, ეს ალბათ რესურსცენტრში ეცოდინებათ“, - აცხადებენ სკოლაში.

ის, რომ სკოლის რეაბილიტაცია იგეგმება, ინფორმაცია ბაღების სააგენტომ გაავრცელა. აღმოჩნდა, რომ სკოლის შენობაში ამ დრომდე ხაშურის #2 საბავშვო ბაღიც ფუნქციონირებდა. #2 საბავშვო ბაღის აღსაზრდელები დროებით ხაშურის #4 საბავშვო ბაღში გააგრძელებენ სააღმზრდელო პროცესს.

„გაცნობებთ, რომ ხაშურის #5 საჯარო სკოლაში, სადაც ამ ეტაპამდე ფუნქციონირებდა #2 საბავშვო ბაღი, დაგეგმილია სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები. სკოლის რეაბილიტაციის გადაწყვეტილება მიღებულია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ. აღნიშნული სამუშაოების განხორციელებას სკოლა დიდი ხნის განმავლობაში ელოდა.

სარეაბილიტაციო სამუშაოების პერიოდში №2 საბავშვო ბაღის აღსაზრდელები დროებით განაგრძობენ სააღმზრდელო პროცესს ხაშურის №4 საბავშვო ბაღში“, - აცხადებენ ბაღების გაერთიანებაში.

Print

სტატიის გამოყენების პირობები