ხაშურის მე-4 საჯარო სკოლის 300 მოსწავლეს, რომელსაც 5 წელია ახალი შენობა ვერ აუშენეს, მე-7 სკოლიდანაც ასახლებენ.
ისინი სწავლას ხაშურის I საჯარო სკოლაში გააგრძელებენ. თუმცა, ბავშვები და მოზარდები საორგანიზაციო საკითხების მოგვარებამდე, დროებით ონლაინ სწავლებაზე გადავიდნენ. ინფორმაცია ამის შესახებ მეოთხე სკოლის დირექტორმა, ნანა გაგნიძემ, მოგვაწოდა.
„დროებით ონლაინ სწავლებაზე გადავედით, მანამდე, სანამ მე-7 საჯარო სკოლიდან ავეჯს გადმოვიტანთ. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ, ვინაიდან მე-7 სკოლა თავადაც სარემონტოა, პირველ საჯარო სკოლაში გადავიდეთ.
ამ ეტაპზე ავეჯის გადმოტანის პროცესი მიმდინარეობს. ის ავეჯი, რომელიც მე-7 სკოლაში გადავიტანეთ, უნდა შევინახოთ, რადგან პირველ სკოლას საკმარისი რაოდენობის მერხები აქვს.
დღეს მერიამ ტრანსპორტი გამოგვიყო და უახლოეს დღეებში დავილაგებით, რის შემდეგაც სწავლა ისევ სკოლაში გაგრძელდება. ძალიან თბილად და გაგებით დაგვხვდა პირველი საჯარო სკოლის დირექტორი მორისი და არანაირი პრობლემა აღარ იქნება, გველოდებიან.
ამ ეტაპზე სკოლაში 300 მოსწავლე გვყავს", - გვითხრა მე-4 საჯარო სკოლის დირექტორმა ნანა გაგნიძემ.
ინფორმაციისთვის, ხაშურის მე-4 საჯარო სკოლა 2021 წლიდან სასწავლო პროცესს მე-7 საჯარო სკოლის შენობაში აგრძელებდა.
18 სექტემბრიდან ხაშურში კიდევ ერთ სკოლას, მეხუთე საჯარო სკოლის მოსწავლეებს დაატოვებინეს შენობა. მათ მე-8 სკოლაში გადაიყვანენ, მანამდე კი ონლაინ რეჟიმში გააგრძელებენ სწავლებას.
სტატიის გამოყენების პირობები