ახალი ამბები
სასწავლო წლის დაწყებიდან გორის მუნიციპალიტეტში მოსწავლეებზე ძალადობის ორი ფაქტი დაფიქსირდა

სწავლის დაწყებიდან დღემდე, ბოლო 10 დღეში, გორის მუნიციპალიტეტში მოსწავლეზე ძალადობის ორი შემთხვევა დაფიქსირდა. ერთი ფაქტი ქალაქის, ხოლო მეორე - სოფლის სკოლაში მოხდა.

ყველაზე მძიმე შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში დაფიქსირდა, რის შედეგადაც მოსწავლის საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. დაშავებული ბიჭი ამ დროისთვის კლინიკიდან უკვე გაწერილია. გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი აღნიშნულ სკოლაში მეზობელი დასახლებიდან ახალი გადასულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მოსწავლეზე განხორციელებული ძალადობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე (ძალადობა) მუხლით დაიწყო. მომხდართან დაკავშირებით სკოლის დირექტორი კომენტარს არ აკეთებს.

რაც შეეხება ქალაქის სკოლას, ადმინისტრაციის განმარტებით, უფროსკლასელ მოზარდებს შორის მხოლოდ მცირე დაპირისპირებას („წაკინკლავებას“) ჰქონდა ადგილი. როგორც სკოლაში აცხადებენ, მეორე დღეს დაწესებულებაში მშობლებიც მივიდნენ და კონფლიქტი ბავშვების შერიგებით ამოიწურა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები