გორის უნივერსიტეტში იმ სტუდენტებს, რომლებსაც აკადემიური შვებულება აქვთ აღებული, სასწავლო პროცესის განახლებაში პრობლემები ექმნებათ. სტუდენტ ოთო მღებრიშვილის ინფორმაციით, შექმნილი ვითარების გამო განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში სამართლის ფაკულტეტის სტუდენტები აღმოჩნდნენ.
მისი თქმით, ერთ-ერთ სტუდენტს, რომელმაც აკადემიური შვებულება გასულ წელს აიღო, უნივერსიტეტში განუცხადეს, რომ სამართლის ფაკულტეტზე მას ვეღარ დააბრუნებენ და ალტერნატივის სახით მობილობით სხვა ფაკულტეტზე გადასვლას სთავაზობენ.
ვითარების გასარკვევად მღებრიშვილი უნივერსიტეტის ადმინისტრაციას დაუკავშირდა და იმ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის წარდგენა მოითხოვა, რომლის საფუძველზეც სტუდენტს სტატუსს არ უდგენენ.
„ზეპირსიტყვიერად მითხრეს, რომ იმავე ფაკულტეტზე ვერ დააბრუნებენ სტუდენტს, ვისაც 46 ან მასზე დაბალი კრედიტი აქვს. მე მოვითხოვე კონკრეტული დოკუმენტი. ამაზე ტელეფონი გამითიშეს“, - აღნიშნავს იგი.
როგორც მღებრიშვილი განმარტავს, ახალგაზრდების დიდმა ნაწილმა სტატუსი ფინანსური პრობლემების გამო შეიჩერა, რათა ამ ერთი წლის განმავლობაში ემუშავათ და სწავლისა თუ ბინის ქირის გადასახადი შეეგროვებინათ.
ადმინისტრაციის მიერ დასახელებული კიდევ ერთი ზეპირი მიზეზი განათლების ახალ რეფორმას უკავშირდება. უნივერსიტეტში აცხადებენ, რომ სამართლის ფაკულტეტი გაუქმდა, რამდენიმე პროფესორი გაათავისუფლეს და შესაბამისად, სტუდენტებისთვის სპეციალობის კადრი აღარ ჰყავთ.
გორის უნივერსიტეტს აღნიშნულ საკითხზე ოფიციალური განმარტება ჯერჯერობით არ გაუკეთებია. „ქართლის ამბები“ შეეცდება ადმინისტრაციისგან დამატებითი დეტალების გარკვევას.
სტატიის გამოყენების პირობები