გორის მე-11 საბავშვო ბაღი, რომელიც 2020 წელს აშენდა და რომლის პროექტზეც 1.1 მილიონი ლარი დაიხარჯა, ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემოს აღარ წარმოადგენს. შენობის კედლებიდან ფილები ცვივა, რის გამოც აღმზრდელებს ეზოში ჩამოცვენილი ნატეხების შეგროვება პერიოდულად უწევთ.
ერთ-ერთი აღსაზრდელის მშობელი „ქართლის ამბებთან“ საუბრისას არ გამორიცხავს, რომ შექმნილი მდგომარეობის გამო საბავშვო ბაღმა ფუნქციონირება, შესაძლოა, თებერვლამდე შეწყვიტოს.
თავად გორის ბაღების გაერთიანების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყების ზუსტი თარიღი ამ ეტაპზე უცნობია. მათი განმარტებით, დეტალურ ინფორმაციას გაერთიანების დირექტორი, გიორგი შათირიშვილი ფლობს, რომელიც ამჟამად საქართველოში არ იმყოფება.
ბაღების გაერთიანების წარმომადგენლის, ნინო თენაძის თქმით, ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, საფრთხის შემცველი ფილები უკვე მოიხსნა, დანესტიანებული ოთახი კი დაიკეტა და ინვენტარი სხვა სივრცეში გადაიტანეს.
„ამ ეტაპზე ბავშვების უსაფრთხოება სრულად დაცულია. რეკომენდაციების შესაბამისად, საფრთხის შემცველი ფილები მოხსნილია, ოთახი კი იზოლირებულია, რის გამოც ბავშვებს მასთან არანაირი შეხება არ აქვთ. რეაბილიტაცია დაგეგმილია, თუმცა ზუსტი თარიღი ამ დროისთვის ცნობილი არ არის. ველოდებით შესაბამის ინფორმაციასა და პროექტს, რათა სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყოს. მიღებული რეკომენდაციები სრულად გავითვალისწინეთ და ამ ეტაპზე ბავშვების სხვა ბაღში გადაყვანის საჭიროება არ დამდგარა“, — აღნიშნავს ნინო თენაძე.
მიუხედავად ინფრასტრუქტურული პრობლემებისა, ცნობილია, რომ მე-11 საბავშვო ბაღმა ავტორიზაცია სულ ცოტა ხნის წინ, 2026 წლის 26 ივლისს გაიარა. თუმცა, დოკუმენტში საკმაოდ ბევრი ხარვეზია დაფიქსირებული. მათ შორისაა ინვენტართან დაკავშირებული შეუსაბამობებიც — ირკვევა, რომ სააღმზრდელო დაწესებულებაში არსებული სკამებისა და საწოლების ზომები ბავშვების სტანდარტებს არ შეესაბამება.
სტატიის გამოყენების პირობები