ახალი ამბები
ქარელის მე-2 სკოლის მოსწავლეთა მშობლები ხელახალ ექსპერტიზას ითხოვენ და პროტესტით იმუქრებიან

ქარელის მე-2 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის შეჩერებიდან 6 თვე გავიდა. შენობის ავარიულობის მიზეზით, 600-მდე მოსწავლე დროებით პირველ საჯარო სკოლაში გადაიყვანეს. შექმნილი ვითარების გამო, მშობლები ხელმოწერებს აგროვებენ და სკოლის შენობის ხელახალი ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვენ. მათ მიერ მომზადებული განცხადების შინაარსი „ქართლის ამბებისთვის“ გახდა ცნობილი.

მიმართვაში მშობლები მეორე ცვლაში სწავლებით გამოწვეულ რამდენიმე კრიტიკულ პრობლემაზე ამახვილებენ ყურადღებას. მათი თქმით, ზამთრის პერიოდში გაკვეთილები საღამოს საათებში უწევთ, რაც მოსწავლეთა შრომისუნარიანობასა და სწავლის ხარისხს აქვეითებს. გარდა ამისა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის არარსებობის გამო, ბავშვებს სიბნელეში ფეხით გადაადგილება უწევთ, რაც მათ უსაფრთხოებას სერიოზულ საფრთხეს უქმნის.

მშობლები აღნიშნავენ, რომ დასაქმებულთა უმრავლესობა დილის საათებში ბავშვების მომზადების პროცესს ვერ აკონტროლებს, რაც აკადემიური მოსწრების გაუარესების რისკებს ზრდის. ამასთან, გვიანი გრაფიკის გამო მოზარდები დამატებით წრეებსა და სპორტულ აქტივობებში ჩართვას ვეღარ ახერხებენ. არსებული მდგომარეობის გამო, ათეულობით მოსწავლე უკვე სხვა სკოლაში გადავიდა, რაც ისტორიული სკოლის ერთიანობას საფრთხეს უქმნის.

„მშობლებისათვის ამ დრომდე უცნობია ქარელის #2 საჯარო სკოლის შენობის რეაბილიტაციის ან რეკონსტრუქციის კონკრეტული ვადები და სამოქმედო გეგმა. გაურკვევლობა იწვევს დიდ უკმაყოფილებას, რადგან დროებით ფართში მეორე ცვლაში სწავლება ვერ უზრუნველყოფს მოსწავლეთათვის სრულფასოვან სასწავლო გარემოს. მიგვაჩნია, რომ პრობლემის ერთადერთი ფუნდამენტური გამოსავალი სწორედ მშობლიურ სკოლაში დროული დაბრუნებაა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მშობლები იმედოვნებენ, რომ შესაბამისი უწყებები მათ მდგომარეობას გაითვალისწინებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი პროტესტის უკიდურესი ზომების მიღებას აანონსებენ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები