ახალი ამბები
რუსეთის საპატრიარქოს დელეგაცია გორში იმყოფებოდა - სტუმრებს მიტროპოლიტმა ანდრიამ უმასპინძლა

რუსეთის საპატრიარქოს დელეგაცია გორში იმყოფებოდა. ვიზიტის ამსახველი ფოტომასალა თავად რუსეთის საპატრიარქომ გაავრცელა.

დელეგაციას მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო ურთიერთობათა განყოფილების თავმჯდომარე, ვოლოკოლამის მიტროპოლიტი ანტონი (სევრიუკი) ხელმძღვანელობდა. გორში სტუმრებს გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავამ) უმასპინძლა.

რუსეთის საპატრიარქოს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დელეგაციამ გორის საკათედრო ტაძარი, საეკლესიო მუზეუმი, გიორგი მთაწმინდელის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზია და ატენის სიონი მოინახულა.

აღსანიშნავია, რომ ცენტრალური მედიის ცნობით, რუსეთის საპატრიარქოს დელეგაციის საქართველოში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებისთვის დაგვიანებით გახდა ცნობილი.

მედიაში გავრცელებული ცნობების შემდეგ, ოფიციალური ინფორმაცია საქართველოს საპატრიარქომაც გამოაქვეყნა. საპატრიარქოს განმარტებით, მხარეებს შორის საუბარი საქართველოსა და რუსეთს შორის საეკლესიო ურთიერთობებსა და „მტკივნეულ რეგიონებში“ არსებულ ვითარებას შეეხო.

Print

სტატიის გამოყენების პირობები