ახალი ამბები
გორის ტრანსპორტის სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს - თანამდებობაზე არჩილ ჭიღლაძე დაინიშნა

გორის ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ზურაბ ჯირკველიშვილმა თანამდებობა დატოვა. როგორც „ქართლის ამბებს“ სააგენტოში განუცხადეს, საკადრო ცვლილება 1-ელ ოქტომბერს განხორციელდა და ჯირკველიშვილის ადგილას მერის თანაშემწე, არჩილ ჭიღლაძე დაინიშნა.

ცნობილია, რომ არჩილ ჭიღლაძე მერის თანაშემწის პოზიციას ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში იკავებდა. მერიაში გადასვლამდე კი ის „თეგეტა მოტორსის“ გორის ფილიალში იყო დასაქმებული, სადაც მენეჯერის ფუნქციებს ასრულებდა.

აღსანიშნავია, რომ ტრანსპორტის სააგენტოს ახალ ხელმძღვანელად ჭიღლაძის დანიშვნამდე, „თეგეტა მოტორსი“ თითქმის ნახევარმილიონიან ტენდერში გამარჯვებას ცდილობდა, რომელიც ქალაქის ავტობუსების შეკეთებას ითვალისწინებდა.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ მიიჩნია, რომ კომპანიას მუნიციპალური ლურჯი ავტობუსების შეკეთების სათანადო გამოცდილება არ ჰქონდა, რის გამოც გორის მერიის ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გამოცხადებული ტენდერი უკანონოდ ცნო. სწორედ აღნიშნულ სატენდერო პროცესში „თეგეტა მოტორსის“ მარცხის შემდეგ მოხდა ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელად არჩილ ჭიღლაძის დანიშვნა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები