ახალი ამბები
თბილისსა და რეგიონებში „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს - ბრალი წარედგინება კიდევ 14 პირს

გასული 24 საათის განმავლობაში, თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული ფართომასშტაბიანი ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, სამართალდამცველებმა ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს. ამასთან, ბრალი კიდევ 14 პირს წარედგინება - ნაწილს პენიტენციურ დაწესებულებაში, ნაწილს კი დაუსწრებლად. მათ შორის არის ერთ-ერთი საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ფარული საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდის, გიორგი გოგოლაძის სახელითა და მფარველობით, მისი გარემოცვის წევრები სისტემატურად აწყობდნენ ე.წ. ქურდულ გარჩევებს და გადაწყვეტილებებს „ქურდული ტრადიციების“ შესაბამისად იღებდნენ.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები სხვადასხვა დროსა და ადგილას მხარეებს შორის არსებულ ფინანსურ დავებს განიხილავდნენ. ე.წ. ქურდული გარჩევის შედეგად, ისინი ერთ-ერთ მოდავე მხარეს მეორის ან საკუთარ სასარგებლოდ გარკვეული რაოდენობის თანხის გადახდას აკისრებდნენ. დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის ან განსაზღვრული ვადის დარღვევის შემთხვევაში კი, მოქალაქეებს ფიზიკური ანგარიშსწორებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები ამოიღეს. გამოძიების ცნობით, სწორედ ამ ტექნიკის საშუალებით უკავშირდებოდნენ ბრალდებულები ერთმანეთსა და საზღვარგარეთ მყოფ ე.წ. კანონიერ ქურდს. ჩხრეკისას ასევე ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღები, ფული და ნარკოტიკული საშუალებები.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა, 223-ე ტერცია, 223-ე კვარტა და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში სასჯელის სახით 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები