ფოტოზე: ვალერი გელაშვილი ვენესუელაში,
2024 წელი [ტვ ივერია]
ვალერი გელაშვილი ხაშურში ბიზნესს ჰყიდის. მათ შორის, მშენებარე
კორპუსს ,,ტერასა ივერიას", რომელიც ხაშურის ცენტრში შენდება.
როგორც საკრებულოს წევრი ზაზა მეხრიშვილი იტყობინება, ბიზნესმენი
მშობლიურ ქალაქში მხოლოდ საცხოვრებელ სახლს იტოვებს.
,,ყველაფერი გააქვს საქართველოდან. მხოლოდ სახლს იტოვებს. სხვა
არაფერი ვიცი,"- წერს ზაზა მეხრიშვილი.
მშენებარე ,,ტერასა ივერიას" გაყიდვის შესახებ საჯაროდ ზაზა
მეხრიშვილმა ,,ხაშური ჩემი ქალაქიას" ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა.
17 სართულიდან აშენებულია უკვე 10 სართული. ზაზა მეხრიშვილის
განმარტებით, კორპუსის მშენებლობა გაყიდვამდე არ შეჩერდება.
ბიზნესმენ ვალერი გელაშვილის განცხადებით, ხაშურში ყველა სამეწარმეო
საქმიანობას წყვეტს იმ მიზეზით, რომ სახელმწიფომ ჯარიმა დააკისრა,
რასაც ქონების დაყადაღება მოჰყვა.
როგორც მან ,,ქართლის ამბებს" სატელეფონო საუბრისას განუცხადა, ასეთ
პირობებში, საბანკო სესხებით ვეღარ სარგებლობს, მუშაობის გაგრძელებას
ვეღარ ახერხებს და ჰყიდის ბიზნესს. საქმიანობას კი ვენესუელაში
გააგრძელებს, სადაც თავს კარგად გრძნობს.
,,ბიზნესის გაყიდვის მიზეზი ისაა, რომ სახელმწიფომ ჯარიმა დამაკისრა.
გირაო დამადეს, ბანკები სესხებს აღარ მაძლევენ. რატომ და რისთვის,
ამის ახსნა-განმარტებას ტელეფონით ვერ დავიწყებ. იცით თქვენ, რომ
არჩევნებში ვიღებდი მონაწილეობას და რა სიტუაცია იყო ხაშურში." -
გვითხრა ვალერი გელაშვილმა.
ჩვენს კითხვაზე, არის თუ არა ეს სახელმწიფოსგან ზეწოლა არჩევნებში
მონაწილეობის გამო, ვალერი გელაშვილი გვპასუხობს, რომ საკუთარი
ცხოვრებისეული გამოცდილებიდან გამომდინარე, ზეწოლას ვერავინ
მოახდენს:
,,არანაირ ზეწოლას აქვს ადგილი. თუ კარგად მიცნობთ, ჩემზე ზეწოლას
ვერავინ მოახდენს და არც დაიბადება ასეთი ადამიანი. საქმიანობას
ვენესუელაში გავაგრძელებ, აქ თავს კარგად ვგრძნობ"- გვითხრა ვალერი
გელაშვილმა.
ვალერი გელაშვილი დაიბადა 1960 წლის 18 იანვარს, ხაშურში. 1981 წელს
დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი,
სპეციალობით „ფიზიკური კულტურა და სპორტი“.
1981–1982 წლებში მუშაობდა ვილნიუსის ბავშვთა სპორტულ სკოლაში
თავისუფალი ჭიდაობის მწვრთნელად. მოგვიანებით ბიზნესში გადავიდა და
სხვადასხვა წლებში ხელმძღვანელობდა კომპანიებს, მათ შორის V & G-სა და
„ევრას“. 1997–1999 წლებში იყო საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო
პალატის წარმომადგენელი ბალტიისპირეთის ქვეყნებში.
გელაშვილი პირველად საქართველოს პარლამენტის წევრი 1999 წელს გახდა.
იგი სხვადასხვა მოწვევის პარლამენტში ხაშურის მაჟორიტარ დეპუტატად იყო
წარმოდგენილი, მათ შორის 1999–2004, 2004–2006 და 2012–2016 წლებში.
2020 წელს კი პარლამენტში „ქართული ოცნების“ პარტიული სიით შევიდა და
IX მოწვევის პარლამენტის წევრი გახდა.
მისი ბიზნესსაქმიანობა განსაკუთრებით უკავშირდება სამშენებლო სექტორს.
ბოლო წლებში გელაშვილი ხაშურში სხვადასხვა პროექტშიც მონაწილეობდა.
მაგალითად, 2026 წელს BM.GE წერდა, რომ მის მიერ დაფინანსებული
ხაშურის „ივერია სინემას“ პროექტში დაახლოებით $2 მილიონი ინვესტიცია
იყო ჩადებული
სტატიის გამოყენების პირობები