გორის მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებმა გასული 11 თვის განმავლობაში 58 გარემოვაჭრე დააჯარიმეს. უწყება თავისი მუშაობის მთავარ მიღწევად სწორედ უკანონო გარე ვაჭრობასთან ბრძოლას მიიჩნევს, რადგან დაფიქსირებული დარღვევების აბსოლუტური უმრავლესობა ამ მიმართულებაზე მოდის.
ინსპექციის ინფორმაციით, განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, გურამიშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩები გარე ვაჭრობისგან სრულად გათავისუფლდა. გასულ თვეს კი გარემოვაჭრეებისგან გათავისუფლდა ქართლის ქუჩისა და „21-ე ბაზრობის“ უკან მდებარე ტერიტორიაც. „მიუხედავად ამისა, პრევენციის მიზნით აღნიშნული ტერიტორიების მონიტორინგი კვლავ მიმდინარეობს“, — აღნიშნულია უწყების ანგარიშში.
სტატისტიკური მონაცემებით, 2025 წლის 1 ნოემბრიდან დღემდე, ინსპექციის განყოფილების მიერ ჯამში 72 სამართალდარღვევის ოქმი შედგა. აქედან 58 ოქმი (საერთო რაოდენობის დაახლოებით 81%) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 152⁷ მუხლის პირველი ნაწილითაა შედგენილი, რაც პირდაპირ გარე ვაჭრობის წესების დარღვევას გულისხმობს.
რაც შეეხება დანარჩენ 14 საჯარიმო ოქმს, ისინი შემდეგი გადაცდომების გამო გამოიწერა:
3 ჯარიმა — სამგზავრო გადაყვანის წესების დარღვევა (135-ე მუხლის მე-2 ნაწილი);
3 ჯარიმა — ისეთი სატრანსპორტო საშუალებით მასალის გადაზიდვა, როდესაც გზის დანაგვიანების ან დაზიანების საფრთხე არსებობს (119¹ მუხლის 1-ლი ნაწილი);
2 ჯარიმა — სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავება ან მისით სარგებლობა (55² მუხლის 1-ლი ნაწილი);
1 ჯარიმა — სხვადასხვა მასალისა და ნარჩენის აკრძალულ ადგილზე განთავსება (146¹ მუხლი).
გარდა საჯარიმო სანქციებისა, ანგარიშის მიხედვით, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უნებართვოდ დაკავებული 20 მიწის ნაკვეთი გათავისუფლდა.
სტატიის გამოყენების პირობები