ახალი ამბები
ვალერი გელაშვილი ხაშურში ბიზნესს ჰყიდის და საქმიანობის გაგრძელებას ვენესუელაში გეგმავს

ბიზნესმენი ვალერი გელაშვილი ხაშურში ყველა სახის სამეწარმეო საქმიანობას წყვეტს. როგორც მან „ქართლის ამბებთან“ სატელეფონო საუბრისას განაცხადა, ბიზნესის გაყიდვის გადაწყვეტილება სახელმწიფოს მიერ დაკისრებული ჯარიმისა და ქონების დაყადაღების გამო მიიღო.

გელაშვილის განმარტებით, შექმნილი ფინანსური შეზღუდვების გამო ის საბანკო სესხებით ვეღარ სარგებლობს, რაც სამუშაო პროცესის გაგრძელებას შეუძლებელს ხდის.

„ბიზნესის გაყიდვის მიზეზი ისაა, რომ სახელმწიფომ ჯარიმა დამაკისრა. გირაო დამადეს, ბანკები სესხებს აღარ მაძლევენ. რატომ და რისთვის, ამის ახსნა-განმარტებას ტელეფონით ვერ დავიწყებ. იცით თქვენ, რომ არჩევნებში ვიღებდი მონაწილეობას და რა სიტუაცია იყო ხაშურში“, — აღნიშნა ვალერი გელაშვილმა.

კითხვაზე, უკავშირდება თუ არა სახელმწიფოს მხრიდან მიღებული ზომები მის პოლიტიკურ აქტივობას და წარმოადგენს თუ არა ეს ზეწოლას, ბიზნესმენი პასუხობს, რომ მისი ცხოვრებისეული გამოცდილებიდან გამომდინარე, მასზე ზეგავლენის მოხდენა შეუძლებელია.

„არანაირ ზეწოლას აქვს ადგილი. თუ კარგად მიცნობთ, ჩემზე ზეწოლას ვერავინ მოახდენს და არც დაიბადება ასეთი ადამიანი. საქმიანობას ვენესუელაში გავაგრძელებ, აქ თავს კარგად ვგრძნობ“, — განუცხადა გელაშვილმა „ქართლის ამბებს“.

Print

სტატიის გამოყენების პირობები