12 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევში მცხოვრებ მოქალაქეებს ახალი სკოლის მშენებლობის დასრულებას დაჰპირდა. გასული წლის სექტემბერში მინისტრმა ადგილობრივებს, რომლებსაც ადგილზე მხოლოდ ამოთხრილი ორმო დახვდათ, განუცხადა: „კიდევ 16 თვე მოიცადეთო“.
აღსანიშნავია, რომ ნაბახტევში სასწავლო პროცესი უკვე 6 წელია შეწყვეტილია. მსგავსი რთული ვითარებაა მუნიციპალიტეტის სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებშიც, მათ შორის ხაშურის მე-4 საჯარო სკოლასა და სოფელ ვაყაში.
ამ ფონზე, 2026 წლის 4 ოქტომბერს, განათლების მინისტრი გივი მიქანაძე ხაშურის „სასკოლო საზოგადოებას“ შეხვდა. სამინისტროს ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად: „პედაგოგებს, მშობლებს, სასკოლო საზოგადოებას საშუალება ჰქონდათ ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ“. თუმცა, უწყების ოფიციალურ განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული, თუ კონკრეტულად რა შინაარსის ინფორმაცია მიაწოდეს მათ.
სამინისტროს მიერ გავრცელებული პოსტი ხაშურის რესურსცენტრის უფროსმა, ზვიად გოგუაძემ საკუთარ გვერდზე გააზიარა წარწერით: „მერი, გუბერნატორი, საკრებულოს თავმჯდომარე და მე, სკოლებთან დაკავშირებით რასაც გპირდებით, ყოველთვის ვასრულებთ!“.
ყურადღებას იქცევს ის ფაქტი, რომ სამინისტროს ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ ფოტოებზე სხვა მაღალჩინოსნებიც, კერძოდ, პარლამენტის წევრი ზაალ დუგლაძე და მინისტრი გივი მიქანაძე ჩანან, თუმცა რესურსცენტრის უფროსს ისინი საკუთარ მადლიერების შემცველ განცხადებაში არ უხსენებია.
სტატიის გამოყენების პირობები