ახალი ამბები
გორის მე-3 სკოლის დირექტორი შენობის ფლიგელს ავტოფარეხად იყენებს

გორის მესამე საჯარო სკოლის დირექტორი, ვახტანგ სუხიტაშვილი სკოლის ფლიგელს პირადი ავტომობილის სადგომად იყენებს. ამის შესახებ ინფორმაციას და შესაბამის ფოტომასალას სკოლის მოსწავლის მშობელი, თეა კეჩხუაშვილი ავრცელებს.

მშობლის განცხადებით, დირექტორი მოსწავლეთათვის განკუთვნილ სივრცეს საკუთარი კომფორტისთვის იყენებს. გავრცელებულ ფოტოზე კი ჩანს, რომ ვახტანგ სუხიტაშვილის მანქანა უშუალოდ სკოლის ფოიეს შესასვლელთან აყენია.

„ამას კაბინეტში კარი გაუდიდეთ, ეგრევე მანქანით რომ შევიდეს ხოლმე. ტუალეტებს მიხედოს სკოლაში... ბავშვებისთვის სუფთა საპირფარეშო არ შეიძლება და ეს შეიძლება თურმე“, — აცხადებს თეა კეჩხუაშვილი.

აღნიშნულის ფონზე, საყურადღებოა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ანგარიშები. სტანდარტების მიხედვით, სკოლები შემოსაზღვრული უნდა იყოს დამცავი ღობეებით და ტერიტორიაზე სასწავლო გარემოსთვის შემაფერხებელი მოძრაობა არ უნდა იყოს დაშვებული.

საკითხის გასარკვევად, თუ რატომ იყენებს დირექტორი მოსწავლებისთვის განკუთვნილ სივრცეს პირადი სარგებლობისთვის, მედია სკოლის ადმინისტრაციასთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა მათ სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები