კიდევ ერთი ყოფილი თანამშრომელი სასამართლოში გორის მერიასა და საკრებულოს უჩივის. საქმე პრეცედენტულ საკითხს ეხება — სასამართლომ უნდა იმსჯელოს, რამდენად კანონიერად განხორციელდა მერიაში რეორგანიზაცია, რომელიც შემდგომში საკრებულომ დაამტკიცა.
როგორც ირკვევა, გორის მერს, კონსტანტინე ბუზალაძეს, სურს, რომ სასამართლოში საკრებულოს ინტერესებიც მის მიერ დანიშნულმა იურისტმა დაიცვას. მიუხედავად იმისა, რომ საკრებულოს რამდენიმე საკუთარი იურისტი ჰყავს, უწყება მაინც თანახმაა, რომ პროცესზე მათი ინტერესები მერის მიერ შერჩეულმა წარმომადგენელმა დაიცვას.
რაც შეეხება უშუალოდ დავას, ყოფილი თანამშრომელი ეკონომიკის სამსახურის ახალი დებულების გაუქმებას ითხოვს, რომელიც მერიის რეორგანიზაციის ფარგლებში საკრებულოს სხდომაზე დაამტკიცეს. ახალი დებულების მიხედვით, მერმა რამდენიმე განყოფილება გააუქმა, თანამშრომელთა ნაწილი კი სამსახურიდან გაათავისუფლა.
იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო აღნიშნულ დებულებას გააუქმებს, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება „ქართული ოცნების“ წევრების მიერ მიღებული შესაბამისი დადგენილების კანონიერებაც. ცნობისთვის, გორის მერია ამ ეტაპზე იურისტის შერჩევის პროცესშია.
სტატიის გამოყენების პირობები