ახალი ამბები
მოქალაქე პოლიციელებს სიყალბეში ადანაშაულებს

გორის სასამართლოში, მოსამართლე დავით პაპუაშვილის წინაშე, ახალგაზრდა მამაკაცისა და პოლიციელების დავის საქმე განიხილება. ბრალდებული სამართალდამცველებს მიზანმიმართულ დევნასა და სიყალბეში ადანაშაულებს.

როგორც ირკვევა, სასამართლო სხდომაზე დაიკითხა სამი პოლიციელი, მათ შორის მეჯვრისხევის განყოფილების უფროსის მოადგილე, გიორგი სეფედაური. სამივე მათგანი ამტკიცებს, რომ მოქალაქემ მათ „ძაღლები“ უწოდა.

ბრალდებული ჩვენებებს კატეგორიულად არ ეთანხმება. „ბატონო მოსამართლე, გამომძიებელი კამერების ჩანაწერებით უნდა მოსულიყო და ამდენი პოლიციელი რატომ მოიყვანა? ესენი ხომ ჩემს სასარგებლოდ არაფერს იტყვიან? რადგან უშუალოდ მონაწილეები არიან და არა მოწმეები“, - განაცხადა მან პროცესზე.

აღსანიშნავია, რომ მოსამართლის კითხვაზე, თუ რატომ არ იყო წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერები, გამომძიებელმა უპასუხა, რომ მაღაზიის კამერებს ჩანაწერი არ გაუკეთებია. თუმცა „ქართლის ამბები“ იმ მაღაზიის მენეჯერს ესაუბრა, სადაც აღნიშნული კამერებია დამონტაჟებული. მენეჯერის განცხადებით, კამერა ინფორმაციას ინახავს: „10 დღის წინანდელი მასალებიც კი გადამიხვევია და მინახავს“, - განუცხადა მან მედიას.

რაც შეეხება ინციდენტის დეტალებს, შემთხვევა მეჯვრისხევი-ზერტის გზაზე მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცის თქმით, ის მაღაზიაში თანხის ჩასარიცხად მიდიოდა, როდესაც მასთან პოლიციის ორი ეკიპაჟი მივიდა. „ფოტოსურათი უნდა გადაგიღოთ გადამოწმების მიზნითო. ახლავე დავამთავრებ ჩარიცხვას და კი ბატონო-მეთქი. არაო, ჯერ ჩვენ უნდა დაგვემორჩილოთო. გადმოვიდნენ მანქანიდან და წამიყვანეს სამმართველოში. ახლა კარგად იჭიკჭიკებო. მე არაფერი ზედმეტი არ მითქვამს. მსგავსი რამ რომ ყოფილიყო, აქვე მოვიხდიდი ბოდიშს“, - იხსენებს მოქალაქე.

მისივე განცხადებით, პოლიციელებთან წინა დღეებში სოფელში მომხდარი ავარიის დროს უსიამოვნო საუბარი მოუვიდა და მიაჩნია, რომ მარტო სწორედ ამიტომ მოიხელთეს. „მაბრალებენ... რაკი მიცნეს, ამის მერე გადაწყვიტეს ჩემი დაკავება. წინა დღეებში ჩვენს სოფელში ავარია მოხდა. შემთხვევის ადგილზე მივედით და ძალიან უხეშად მოგვმართეს. მხოლოდ ერთი ადამიანი დაგველაპარაკა ადამიანურად, ქალი პოლიციელი იყო. დანარჩენები - არა. ასე არ უნდა ესაუბრებოდნენ მოქალაქეებს. იქიდან დავამახსოვრდი“, - აცხადებს ის.

საბოლოოდ, ვითარების გასარკვევად, დღევანდელ სხდომაზე მოსამართლემ იმ მაღაზიის მეპატრონის ვინაობის დადგენა მოითხოვა, სადაც კამერებია დამონტაჟებული. სასამართლო გეგმავს, ვიდეოჩანაწერები თავად ამოიღოს, რის გამოც საქმის განხილვა გადაიდო.

Print

სტატიის გამოყენების პირობები