ხაშურის ბაზარში ხორცით მოვაჭრეები გაიფიცნენ. პროტესტის ნიშნად, მათ ხორცპროდუქტების გაყიდვა 3 დღით შეაჩერეს.
როგორც მოვაჭრეები აცხადებენ, გაფიცვის მიზეზი ადგილობრივ სასაკლაოზე გაზრდილი ტარიფებია. „საქონლის დაკვლის ფასი გაგვიზარდეს. ჯერ 50 ლარი იყო, მერე - 80 ლარი, მერე 100 ლარი, ახლა კი 120 ლარს გვთხოვენ. არ გვინდა ხაშურის ბოინში მისვლა", - აღნიშნავენ ისინი.
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მოვაჭრეებმა ალტერნატიული გზების მოძიება სცადეს, თუმცა უშედეგოდ. მათივე თქმით: „გორის ბოინს დავურეკეთ, თუმცა გვითხრეს, რომ ვერ მიგვიღებენ, რადგან ამდენ საქონელს ვერ აუვლენ“.
აღსანიშნავია, რომ პრობლემის მოსაგვარებლად მოვაჭრეები ხაშურის მერს, პაატა ჩადუნელსაც შეხვდნენ. „შევხვდით ხაშურის მერს. შეგვპირდა, გორის ამბავს მოგიგვარებთო, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი ჩანს. გვინდა, რომ ამ 3 დღეში მოგვიგვაროს ეს ამბავი“, - აცხადებენ გაფიცულები და ადგილობრივი ხელისუფლებისგან კონკრეტულ ნაბიჯებს ელოდებიან.
სტატიის გამოყენების პირობები