ახალი ამბები
„ივერიონი - გორი“ დუაიტ ჰოვარდის წინააღმდეგ - სუპერლიგის მატჩი შაბათს გაიმართება

საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგაში „ივერიონი - გორისა“ და თბილისის „ბლექ ფორტრესის“ შეხვედრა გაიმართება.

როგორც კლუბის წარმომადგენელმა „ქართლის ამბებს“ განუცხადა, „ბლექ ფორტრესის“ შემადგენლობაში ითამაშებს NBA-ის ჩემპიონი და 8-გზის All-Star-ის მონაწილე, დუაიტ ჰოვარდი. „ივერიონში“ განმარტავენ, რომ ჰოვარდის საქართველოში ჩამოსვლა და „ბლექ ფორტრესის“ შემადგენლობაში თამაში მისი საერთაშორისო საკალათბურთო ტურნეს ნაწილია, რომლის ფარგლებშიც ამერიკელი ცენტრი სხვადასხვა ქვეყნის ლიგებსა და ტურნირებში მონაწილეობს.

აღსანიშნავია, რომ მატჩზე დასასწრებად და „ივერიონი - გორის“ მხარდასაჭერად გორიდან თბილისის მიმართულებით გულშემატკივართა წასვლა იგეგმება.

შეხვედრის წინ კომენტარი „ივერიონი - გორის“ გორელმა კაპიტანმა, ვოვა თავაქარაშვილმა გააკეთა: „გორი პატარა ქალაქია და ჩვენთვის, მოთამაშეებისა და ადგილობრივი გულშემატკივრისთვის, ეს შეხვედრა განსაკუთრებული მოვლენაა. NBA-ის ლეგენდის დებიუტი სწორედ ჩვენი გუნდის წინააღმდეგ შედგება. დუაიტ ჰოვარდის წინააღმდეგ პარკეტზე გასვლა დიდი გამოცდილებაა, თუმცა მოედანზე მაქსიმალური მობილიზებით გამოვალთ. გორიდან ბევრი მაყურებელი მოდის ჩვენს მხარდასაჭერად და ვეცდებით, ღირსეული თამაში ვაჩვენოთ“.

რაც შეეხება უშუალოდ თამაშს, „ივერიონი - გორისა“ და „ბლექ ფორტრესის“ დაპირისპირება თბილისის „არენაზე“ შაბათს, 10 ოქტომბერს, 18:00 საათზე გაიმართება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები