ახალი ამბები
გორის მერიამ „ტანა-თეძმობის“ პროგრამიდან მწვადების მასტერკლასი ამოიღო

გორის მერიის ცნობით, უქმეებზე ბოშურში ფესტივალი „ტანა-თეძმობა“ გაიმართება. თავდაპირველად გავრცელებულ პრესრელიზში აღნიშნული იყო, რომ ღონისძიებაზე მწვადების შეწვის მასტერკლასი და დოლების შოუ ჩატარდებოდა, თუმცა მოგვიანებით ეს ჩანაწერები ტექსტიდან ამოიღეს. პროგრამაში დარჩა ორჩოფეხების შოუ, ხატვა, ძერწვა, ცხენით სეირნობა და კონცერტი.

სპორტის მასწავლებლის, თეა კეჩხუაშვილის ინფორმაციით, შოუზე დასასწრებად სხვადასხვა სკოლიდან მოსწავლეები ავტობუსებით მიჰყავთ. აღსანიშნავია, რომ თავად ბოშურის სკოლას, რომელიც ტანას ხეობის 10-მდე სოფელს ემსახურება, უკვე ორი წელია პირველკლასელი არ ჰყავს.

რაც შეეხება მწვადებს, ტენდერის მიხედვით, მერიას 120 კგ საქონლისა და 70 კგ ღორის ხორცი უკვე შეძენილი აქვს. ღონისძიების ორგანიზატორია „საქართველოს ტექნოლოგიების ჯგუფი“, რომლის მფლობელიც ბოლო არჩევნებზე მერობის ერთ-ერთი კანდიდატის წინასაარჩევნო კამპანიის ფოტოგრაფი იყო.

ცნობისთვის, „ტანა-თეძმობა“ 2025 წელს ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ინიციატივით დაფუძნდა და მისი მიზანი ადგილობრივების შესაძლებლობების წარმოჩენა იყო. თუმცა, ე.წ. რუსული კანონის მიღების შემდეგ, ევროპულმა ორგანიზაციამ საქართველო დატოვა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები