ახალი ამბები
კასპში ლაყე კვერცხებისა და ბუმბულის გადამამუშავებელი საწარმოს პრეზენტაცია გაიმართება

23 ოქტომბრიდან, კასპში, ლაყე კვერცხებისა და ბუმბულის გადამამუშავებელი საწარმოს პრეზენტაცია გაიმართება.

პირველი შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასთან, სოფელ კავთისხევში, 23 ოქტომბერს შედგება. საწარმო კასპსა და კავთისხევს შორის არსებულ მონაკვეთზე აშენდება.

კომპანია „ჯიპიპი“ ადგილობრივი მოსახლეობისგან შენიშვნებისა და რეკომენდაციების მიღებას ელოდება. ისინი შეეცდებიან დაარწმუნონ მოქალაქეები, რომ საწარმოს მუშაობა გარემოს ზიანს არ მიაყენებს.

ამ ეტაპზე ჯერ უცნობია გარემოს ეროვნული სააგენტოს დასკვნა, რამდენად გაიფილტრება კვერცხებისა და ბუმბულის წვის შედეგად წარმოქმნილი გამონაბოლქვი.

კომპანია „ჯიპიპის“ ცნობით, წელიწადში 100 ტონა ლაყე კვერცხის და ბუმბულის გადამუშავება იგეგმება. გადამუშავების შედეგად მიიღებენ ცხოველთა საკვებდანამატებს, რომელსაც შემდეგ გაჰყიდიან.

„ჯიპიპის“ ხელმძღვანელობა გარემოს ეროვნულ სააგენტოს არწმუნებს, რომ პროექტის განხორციელება საჭიროა, რადგან ლაყე კვერცხებისა და ბუმბულების ნარჩენები საკმაოდ დიდი რაოდენობით გროვდება.

„ეს საწარმო მოემსახურება არა მარტო ჩვენს ფერმას და სასაკლაოს, არამედ სხვა ფერმებსაც და კვერცხის მწარმოებლებსაც“, - აღნიშნულია მოთხოვნაში.

Print

სტატიის გამოყენების პირობები