გორის მერიის ძაღლთა თავშესაფარში პოლიციის თანამშრომლები იმყოფებოდნენ. შენობა მათ კომენტარის გარეშე დატოვეს. სამართალდამცველები ადგილზე მას შემდეგ გამოცხადნენ, როდესაც ცხოველთა მძიმე მდგომარეობის შესახებ ვიდეომასალა გავრცელდა.
გორის ძაღლთა თავშესაფარში შეღწევა და იქ კადრების გადაღება მოქალაქეებმა „მინისტრის მოადგილის მძღოლის“ სახელით შეძლეს. მოქალაქეები დაკარგულ ძაღლს ეძებდნენ, იქ შესულებს კი მძიმე სურათი დახვდათ და ფირზე აღბეჭდეს.
„ვიღაც მაიმუნები იყვნენ, მინისტრის მოადგილის მძღოლი ვარო და ასე შემოვიდნენ. რა მდგომარეობაში არიან ლეკვები, კადრებს ჩვენ დავდებთ. ვერ შემოგიშვებთ“, - გვიპასუხეს თავშესაფარში, როცა ვთხოვეთ იმ ვოლიერების გადაღება, სადაც ლეკვები იყო გადაღებული.
თავშესაფრის კარი არც კადრების გავრცელების შემდეგ გაუხსნიათ. ვიდეომასალის მიხედვით, მიუსაფარი ცხოველები, განსაკუთრებით ლეკვები, მძიმე პირობებში იმყოფებიან.
სტატიის გამოყენების პირობები