ახალი ამბები
60 000-ლარიანი ფესტივალი ძაღლთა თავშესაფრის ფონზე - გორის მერი საკრებულოს სხდომაზე გააკრიტიკეს

„მერს იმის მაგივრად, რომ მივიდეს და ადგილზე გაეცნოს ამ საშინელებას, ხაშლამისა და მწვადის ჭამის ნერვები აქვს" - ასე გამოეხმაურა თეა კეჩხუაშვილი გორის მერიის ძაღლთა თავშესაფარში არსებულ მძიმე ვითარებაზე გავრცელებულ ვიდეოს.

სპორტის მასწავლებელმა და გორის მერიის გაუქმებული სპორტის განყოფილების ყოფილმა თანამშრომელმა საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, რომ მერი უნდა დადიოდეს იმ ობიექტებზე, სადაც ყველაზე კრიტიკული ვითარებაა.

მაგალითისთვის მან სპორტული სკოლები დაასახელა და აღნიშნა, რომ ტანვარჯიშზე მოსიარულე ბავშვებს ფეკალიებით დაბინძურებულ საპირფარეშოში უწევთ შესვლა. თეა კეჩხუაშვილის განცხადებით, მერი რეალურად არაა დაინტერესებული მოსახლეობის პრობლემებით და გადასულია გართობაზე.

ცნობისათვის, რამდენიმე დღის წინ, ბოშურში ხაშლამის, ჩაქაფულისა და მწვადის მასტერკლასების ფესტივალი ჩატარდა, რისთვისაც, შესყიდვების სააგენტოს ცნობით, 60 000 ლარი დაიხარჯა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები