დღეს, გორის მე-11 სკოლის მშენებლობის ვადა მეექვსედ ამოიწურა. მოსწავლეები, რომლებიც 6 წელია ახალ სკოლას ელოდებიან და მე-6 სკოლაში არიან გადანაწილებულნი, დღეს გაიფიცნენ.
საპროტესტო აქციას მშობლებიც შეუერთდნენ. მშობლების თქმით, ბავშვებისთვის განსაკუთრებით რთულია სასწავლო პროცესი, რომელიც დღის 14:30 საათზე იწყება.
გაგრძელდება თუ არა სკოლის მშენებლობა? მშობლების ამ კითხვაზე პასუხი ჯერ არავის აქვს. 20 ოქტომბრის შემდეგ მუნიციპალური განვითარების ფონდმა უნდა გადაწყვიტოს, გაუხანგრძლივებენ თუ არა კომპანიას მშენებლობის ვადას მეშვიდედ.
რაც შეეხება სკოლის მშენებლობის პროცესს, ძველი შენობა 2020 წელს დაანგრიეს, ახალი სკოლის მშენებლობა კი 2022 წელს დაიწყო. თავდაპირველი გეგმით, სამუშაოები 2024 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ვადა ექვსჯერ გადაიწია.
პროექტისთვის ჯამში 11 მილიონი ლარია გამოყოფილი, დახარჯულია დაახლოებით 4.5 მილიონი ლარი. მშენებლობას კომპანია შპს „ენ ენ ჯგუფი“ ახორციელებს.
სტატიის გამოყენების პირობები