გორელი ძიუდოისტი ბაჩო ტატალაშვილი სპორტულ კარიერას ასრულებს. ამის შესახებ ინფორმაცია ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა.
ის ევროპის ჩემპიონატის ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალოსანია, ევროპული თამაშების ვერცხლის მედალოსანი და 2012 წლის ლონდონის ოლიმპიური თამაშების მონაწილე. ბოლო წლებში არაბთა გაერთიანებული საემიროების სახელით ასპარეზობდა.
„დგება მომენტი, როდესაც ცხოვრებაში რაღაცის დასრულება გიწევს, მიუხედავად იმისა, რომ მთელი შენი ცხოვრება მას მიუძღვენი.
ძიუდო ჩემთვის მხოლოდ სპორტი არასდროს ყოფილა. ეს იყო ჩემი ცხოვრება, ჩემი ოცნება, ჩემი ბრძოლა და ჩემი გზა. ამ გზაზე ბევრი სირთულე გამოვიარე, ბევრი ტკივილი, იმედგაცრუება და დაუვიწყარი გამარჯვება ვიზეიმე. იყო დღეები, როდესაც ყველაფრის დათმობა მინდოდა, მაგრამ ყოველთვის ვპოულობდი ძალას, რომ ისევ ფეხზე დავმდგარიყავი და გამეგრძელებინა ბრძოლა.
ამ წლებმა მასწავლა, რას ნიშნავს შრომა, მოთმინება, დისციპლინა და არასდროს დანებება. ძიუდომ ჩამომაყალიბა ისეთ ადამიანად, როგორიც დღეს ვარ, და მომცა გამოცდილება, რომელსაც მთელი ცხოვრება თან წავიღებ.
დღეს დგება მომენტი, როდესაც ჩემს სპორტულ კარიერას ვასრულებ. ეს გადაწყვეტილება მარტივი არ არის, რადგან ძიუდო ჩემი ცხოვრების უდიდესი ნაწილია და ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ექნება ჩემს გულში.
ორი ქვეყანა, ერთი გზა და უამრავი დაუვიწყარი მოგონება. მადლობა საქართველოს, და მადლობა არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, ორივე ქვეყნის მიმართ ყოველთვის დიდი პატივისცემა და მადლიერება მექნება", - წერს ბაჩო ტატალაშვილი.
სტატიის გამოყენების პირობები