ახალი ამბები
კასპის მუნიციპალიტეტში მომხდარ დაჭრის ფაქტზე მამაკაცს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ბრალდებული შედარებით მსუბუქი მუხლით გასამართლდა. გადაწყვეტილება 2026 წლის 29 სექტემბერს მიიღეს და გუშინ გამოქვეყნდა. პროკურორი ია მეფარიშვილი ბრალდებულის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით გასამართლებას ითხოვდა.

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ო-ში მომხდარ დაჭრის ფაქტზე მამაკაცს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. საქმის განხილვა 2 წლის მანძილზე გრძელდებოდა.

რა მოხდა?


პროკურორის განცხადებით, 2024 წლის 20 აპრილს, ღამით, სოფელ ო-ში, ლ. მ.-მ გ. თ.-ს დანა დაარტყა და რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, მათ შორის გულმკერდის არეში. დაზარალებული გადარჩა სამედიცინო დახმარების შედეგად.

საქმის მთავარი საკითხი იყო არა მხოლოდ ის, თუ ვინ დაჭრა დაზარალებული, არამედ რა განზრახვით მოქმედებდა ბრალდებული. პროკურატურა მიიჩნევდა, რომ ბრალდებულს  დაზარალებულის მოკვლა სურდა და ქმედება უნდა დაკვალიფიცირებულიყო როგორც განზრახ მკვლელობის მცდელობა, სისხლის სამართლის კოდექსის 19/108-ე მუხლით.

დაცვის მხარე ითხოვდა ბრალდებულის გამართლებას. ალტერნატიულად, თუ მისი ბრალეულობა დადასტურდებოდა, ქმედების კვალიფიკაციას ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებად, სსკ-ს 117-ე მუხლის პირველი ნაწილით.

როგორც სასამართლოს გადაწყვეტილებით ირკვევა, დაზარალებული აცხადებდა, რომ არ იცოდა, ვინ დაჭრა. თუმცა, პროკურატურამ წარადგინა ფარული აუდიოჩანაწერი, რომელშიც მკურნალობის დროს, დაზარალებული თანმხლებ პირებთან განიხილავდა დაჭრის ფაქტს.

,,დაზარალებული სხვა პირებთან საუბარში განიხილავდა, როგორ მიეცა ისეთი ჩვენება, რომ ბრალდებულისთვის პასუხისმგებლობა აერიდებინა. საუბარში ნათქვამი იყო, რომ არ დაესახელებინა დამნაშავე და ეთქვა, თითქოს არ იცოდა, ვინ დაჭრა.'' - წერია გადაწყვეტილებაში.

სასამართლომ ფარული ჩანაწერები მომხდარი შემთხვევის გარემოებების შეფასებისას გაითვალისწინა. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისი იყო იმის დასადგენად, რომ მსჯავრდებულმა დაზარალებულს დაზიანებები მიაყენა. რაც შეეხება დანის დარტყმას, სასამართლომ განმარტა, რომ დანის რამდენჯერმე დარტყმა და მძიმე ჭრილობების მიყენება თავისთავად არ ამტკიცებს, რომ ადამიანს მსხვერპლის მოკვლა ჰქონდა განზრახული.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები