ახალი ამბები
თეა კეჩხუაშვილი ბინის შენარჩუნებისთვის საზოგადოებას მადლობას უხდის და გორის მერს პასუხობს

გორის მერიის ყოფილი თანამშრომელი თეა კეჩხუაშვილი მოქალაქეებს ფინანსური მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. მისი თქმით, მოქალაქეების თანადგომით მარტოხელა დედა ბინის გარეშე დარჩენას გადაურჩა.

კეჩხუაშვილი გორის მერიის სპორტის განყოფილებაში მუშაობდა. განყოფილების გაუქმების შემდეგ სხვა თანამშრომლები ახალ სტრუქტურაში გადაიყვანეს, ის კი სამსახურის გარეშე დარჩა.

ყოფილი თანამშრომელი გორის მერის, კონსტანტინე ბუზალაძის, განცხადებას ეხმაურება, თითქოს მას საკალათბურთო კლუბ „ივერიონში“ გადასვლა შესთავაზეს, რაზეც მან უარი თქვა.

„როგორც ჩანს, კონსტანტინე საკუთარი ჩადენილით კი არა, თქვენი პოზიციით შეწუხდა და საკუთარ გობლინებს ავრცელებინებს აზრს, რომ მე მან შემომთავაზა აიპში გადასვლა და უარი ვუთხარი... მინდა მოგიყვეთ სიმართლე", - წერს თეა კეჩხუაშვილი.

მისი განცხადებით, მერის დამოკიდებულება მის მიმართ ჯერ კიდევ რეორგანიზაციის გამოცხადებამდე შეიცვალა. კეჩხუაშვილის თქმით, მერი მას შეხვედრების დროსაც კი არ ესალმებოდა. მისივე განმარტებით, ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც სპორტის განყოფილებამ უარი თქვა წიგნის დაფინანსებაზე. წიგნის ავტორი მერიის კულტურის სამსახურის უფროსის მოადგილე იყო, მოთხოვნილი თანხა კი 18 000 ლარს შეადგენდა.

კეჩხუაშვილის თქმით, ამის შემდეგ მერმა სპორტის განყოფილება გააუქმა, წიგნი კი კულტურის სამსახურის ინიციატივით დაფინანსდა. თეა კეჩხუაშვილმა კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი პირების მიმართ ადმინისტრაციული საქმის წარმოების დაწყება მოითხოვა. აღნიშნული განხილვის ვადა 2026 წლის 29 ოქტომბერს იწურება.

სპორტის განყოფილების გაუქმების შემდეგ, კეჩხუაშვილის განმარტებით, მან თავად სცადა გაერკვია, არსებობდა თუ არა სხვა სამსახურში გადაყვანის შესაძლებლობა. მისი თქმით, „ივერიონი“ მხოლოდ ჰიპოთეტურ ალტერნატივად დასახელდა, მაშინ, როდესაც კლუბს ფინანსური პრობლემები ჰქონდა და მერიისგან დაფინანსებასაც ვეღარ იღებდა.

„მაგას რა უნდა მერიაშიო. ჩემთვის „გაიმეტა“ უფსკრული, მაგრამ თვითონ მიექანება სინათლის სისწრაფით...", - წერს თეა კეჩხუაშვილი.

თეა კეჩხუაშვილი გასულ წელს გორის მესამე სკოლიდან გათავისუფლების საკითხზეც საუბრობს. მისი განმარტებით, სკოლაში კონფლიქტი მას შემდეგ წარმოიშვა, რაც გააპროტესტა ერთ დარბაზში სხვადასხვა ასაკის მოსწავლეებისთვის სპორტის გაკვეთილების ერთდროულად ჩატარების პრაქტიკა.

„მე გავაპროტესტე ის, რომ არ შეიძლებოდა ერთ დარბაზში, ერთდროულად ჩაეტარებინათ სპორტის გაკვეთილი უფროსკლასელებს და უმცროსკლასელებს. დირექტორმა თავისი წრიდან შექმნა კომისია და ასე დავისაჯე სკოლაში ბავშვების ინტერესის გამო, მერიაში კი - ბიუჯეტის არამიზნობრივად ხარჯვის წინააღმდეგ გამოსვლის გამო“, - აცხადებს თეა კეჩხუაშვილი.

თეა კეჩხუაშვილი მიიჩნევს, რომ როგორც სკოლაში, ისე მერიაში მის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებები მის მიერ გამოთქმულ პროტესტს უკავშირდება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები