„შვიდი თვის ორსული ვარ და ამ გზაზე ხშირად მიწევს გადაადგილება, ექიმთან ვიზიტებისა და სხვა აუცილებელი საქმეებისთვის. გზა იმდენად დაზიანებულია, რომ გადაადგილება ძალიან რთულია. ეს პრობლემა სოფლის ყველა მცხოვრებს აწუხებს", - წერს ადგილობრივი მცხოვრები მარიამ მოდრეკილაძე.
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გოსტიბეში გზა მძიმე მდგომარეობაშია. ტენდერი, რომელიც წელს გამოცხადდა, ჩავარდა. საუბარია 1.8 კმ-იან მონაკვეთზე, რომლისთვისაც 1.63 მლნ ლარი იყო გათვალისწინებული.
ადგილობრივი მცხოვრები მარიამ მოდრეკილაძე შესაბამის უწყებებს პრობლემის დროულად მოგვარებისკენ მოუწოდებს:
„დაახლოებით ერთი თვის წინ სოფელში გრეიდერი გაგზავნეს, თუმცა გზა მხოლოდ ნაწილობრივ და ზედაპირულად გაასწორეს. წვიმის დროს წყალი გზაზე მიედინება და მას კიდევ უფრო აზიანებს, ამიტომ აუცილებელია სანიაღვრე არხების მოწყობაც.
განსაკუთრებით სახიფათო მდგომარეობაა ცხავერის პანტების ზემოთ, მესამე მოსახვევში, სადაც გზის პირას დიდი ქვებია ჩამოშლილი. ადგილობრივები შიშობენ, რომ ეს ქვები მძღოლებისთვის საფრთხეს შექმნის.
გთხოვთ, ნუ დაგვტოვებთ უყურადღებოდ! ვითხოვთ არა დროებით და ზედაპირულ შეკეთებას, არამედ გზის სათანადოდ მოწესრიგებას, სანიაღვრე სისტემის მოწყობასა და სახიფათო მონაკვეთების უსაფრთხოდ გაკეთებას. გვინდა, რომ ჩვენს სოფელშიც შესაძლებელი იყოს ნორმალური და უსაფრთხო გადაადგილება. გთხოვთ, დროულად გამოგზავნოთ შესაბამისი ტექნიკა და უზრუნველყოთ სამუშაოების ხარისხიანად შესრულება", - წერია მარიამ მოდრეკილაძის წერილში.
სტატიის გამოყენების პირობები