ახალი ამბები
სოფელ აგარებში მოქალაქეს მიწის ნაკვეთი და შენობა ჩამოართვეს

ხაშური-გომის საავტომობილო გზის მონაკვეთზე გზების დეპარტამენტმა მოქალაქეს მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა სასამართლოს გადაწყვეტილებით ჩამოართვა.

საქმე ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარებში მდებარე 1 291 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ 170.4 კვადრატული მეტრი ფართობის შენობა-ნაგებობას ეხება.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მოქალაქის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა და უძრავი ქონების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა მოითხოვა.

ხაშურის რაიონულმა სასამართლომ დეპარტამენტის სარჩელი სრულად დააკმაყოფილა და ქონების გათავისუფლება და დეპარტამენტისთვის გადაცემა დააკისრა. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცა.

მოქალაქემ გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

2026 წლის 24 ივნისს მან საკასაციო საჩივრით უზენაეს სასამართლოსაც მიმართა, თუმცა სასამართლოს მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარუდგენლობისა და 150-ლარიანი სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო, ხარვეზი არ გამოსწორდა.

უზენაესმა სასამართლომ საკასაციო საჩივარი განუხილველად დატოვა. მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობები გზების დეპარტამენტის საკუთრებაში გადავიდა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები