ახალი ამბები
კასპის მერიამ სოფელ გოსტიბეში მცხოვრებ ფეხმძიმე ქალს გზის ტენდერზე პასუხი არ გასცა

ორჯერ მიმართვის მიუხედავად, კასპის მერიიდან გოსტიბეში მცხოვრებ ფეხმძიმე გოგოს პასუხი არ გასცეს კითხვაზე, როდის გამოცხადდება გზის ტენდერი ხელმეორედ.

საუბარია 1.6 მლნ ლარიან ტენდერზე, რომელიც 2026 წლის 10 აგვისტოს გამოცხადდა და ჩავარდა. ორმა კომპანიამ ვერ წარადგინა გეგმა-გრაფიკისა და პერსონალის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები.

სამაგიეროდ, 20 აგვისტოს კასპის მერიამ, იმავე ოდენობის თანხაზე, გამოაცხადა ახალი ტენდერი ხოვლის შიდა გზებისთვის. მიემართა თუ არა გოსტიბის გზის თანხა ხოვლისკენ, ამაზე კასპის ერთპარტიულ საკრებულოს სხდომაზე კითხვის დამსმელი არავინაა.

ცნობისათვის, 2024 წლიდან სოფელ დოესში 3 პროექტი განხორციელდა და თითქმის ყველა ქუჩა დაიგო. სოფლის შიდა ტერიტორიაზე 3 კმ-მდე სიგრძის გზა მოასფალტდა. ამ სოფლიდანაა კასპის საკრებულოს თავმჯდომარე შმაგი ბეგლარიშვილი.

უფრო ადრე, 2022 წლიდან კი სოფელ სასირეთის შიდა გზები მოასფალტდა - მათ შორის, კასპის მერის, ვახტანგ მაისურაძის ნაკვეთამდე მისასვლელი გზა. გზების დასრულების შემდეგ კასპის მერი მშობლიურ სოფელში წყაროების კეთილმოწყობაზე გადავიდა.

მისასვლელი გზების გარეშეა დარჩენილი როგორც გოსტიბე, ასევე ჭყოპიანი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები