ახალი ამბები
სოფელ გოსტიბეში 12 წლის წინ დაპირებული გზის მოწესრიგებას ითხოვენ

„ტენდერი ჩავარდა, მაგრამ ხელმეორედ რატომ აღარ გამოაცხადეს?“ - კითხულობენ სოფელ გოსტიბის მცხოვრებლები.

გოსტიბის გზის გაკეთებას ადგილობრივებს 12 წლის წინ, 2014 წლის აგვისტოში დაჰპირდნენ, როდესაც „გოსტიბეობა“ აღადგინეს. თუმცა, წლების გასვლის მიუხედავად, სოფლის გზა კვლავ მძიმე მდგომარეობაშია.

ტენდერი 2026 წლის 10 აგვისტოს გამოაცხადეს, თუმცა ჩავარდა. ორ კომპანიას დისკვალიფიკაცია მისცეს არასრულყოფილი დოკუმენტაციის გამო - მათ მერიაში ვერ წარადგინეს გეგმა-გრაფიკისა და პერსონალის გამოცდილების შესახებ ინფორმაცია.

იმავე თვეს, 20 აგვისტოს, იმავე თანხით ტენდერი გამოაცხადეს სოფელ ხოვლის შიდა გზებზე. მიმართეს თუ არა გოსტიბის გზის 1.6 მლნ ლარი ხოვლისკენ, ამ კითხვის დამსმელი კასპის საკრებულოში ჯერ არავინაა. საკრებულოს წევრები ძირითადად იმ პარტიიდან არიან, რომელსაც კასპის მერი ვახტანგ მაისურაძე წარმოადგენს, „ქართლის ამბების“ სატელეფონო ზარებს კი მერიაში არ პასუხობენ.

კასპის მუნიციპალიტეტის მერიას ადგილობრივი მცხოვრები მარიამ მოდრეკილაძე წელს უკვე მეორედ მიმართავს. მარიამი შვიდი თვის ორსულია და ექიმთან ვიზიტებისთვის სწორედ ამ გზით უწევს გადაადგილება.

მარიამი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მიმართვაში წერს, რომ ერთი თვის წინ მერიისგან გზის მოწესრიგება, სანიაღვრე სისტემის მოწყობა და გზის პირას ჩამოშლილი საშიში ქვების გატანა მოითხოვა. მისი თქმით, ადგილზე გრეიდერი გაგზავნეს, თუმცა გზის მხოლოდ ზედაპირული გასწორებით შემოიფარგლნენ.

„შედეგი? ფაქტობრივად არაფერი შეცვლილა! სანიაღვრე არხების გარეშე გრეიდერის რამდენჯერ გამოგზავნას აპირებთ?! მე პირადად შვიდი თვის ორსული ვარ და ამ გზაზე მიწევს ყოველდღიურად გადაადგილება, ექიმთან, საყიდლებზე და სხვა აუცილებელი საქმეებისთვის. მაგრამ რატომ უნდა გვიწევდეს სოფლის მცხოვრებლებს ასეთ პირობებში ცხოვრება და გადაადგილება?! ჩვენ არ ვითხოვთ ფუფუნებას! ვითხოვთ ნორმალურ გზას, უსაფრთხო გადაადგილებას და ელემენტარულ ყურადღებას! გოსტიბესაც ჰყავს მოსახლეობა, გოსტიბეშიც ცხოვრობენ ადამიანები, რომლებსაც უსაფრთხო გზაზე გადაადგილების უფლება აქვთ!" - წერს მარიამი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები