ახალი ამბები
ზერტში 4-მილიონიანი საბავშვო ბაღი წელიწადზე მეტია მიტოვებულია

„2 წელია, ასეა მიტოვებული ეს საბავშვო ბაღი. ამბობენ, წყალი ჩადის სახურავიდანო, არავინ არაფერს გვეუბნება, რა ხდება", - ამბობენ ზერტელები და განმარტავენ, რომ სოფელში აღარც არის იმდენი აღსაზრდელი, რომ 200-ბავშვიანი ბაღი სჭირდებოდეთ.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტში საბავშვო ბაღი 2023 წლის ივნისიდან შენდება. სამუშაოები 18 თვეში, 2024 წლის დეკემბერში უნდა დასრულებულიყო, თუმცა ვადა 2025 წლის 12 თებერვლამდე გაუხანგრძლივეს.

შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე ატვირთული დოკუმენტაციის მიხედვით, ობიექტი 2025 წელს მუნიციპალური განვითარების ფონდმა და გორის მერიამ ჩაიბარეს. გორის მერიიდან დოკუმენტს ხელს ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელი მამუკა ნიკუჭაძე აწერს, თუმცა მას შემდეგ წელიწადზე მეტი გავიდა და საბავშვო ბაღი კვლავ არ გახსნილა.

პროექტზე 4 მილიონი ლარია გადახდილი, სამუშაოებს კი „ამხანაგობა მეგა ემსი" ახორციელებდა.

„ან რა საჭირო იყო ამხელა შენობის აშენება, ბავშვი აღარაა სოფელში. ვინც დარჩნენ, კერძო სახლია ნაქირავები და იქ დაჰყავთ", - აცხადებენ ადგილობრივები.

შესყიდვების სააგენტოს სისტემაში 2026 წლის 16 სექტემბერს ატვირთული ოქმით ირკვევა, რომ დეფექტები არ გამოვლენილა, რასაც მხარეები ხელმოწერით ადასტურებენ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები