ახალი ამბები
კასპში პენსიონერს, რომელმაც დაზღვეული ავტომობილი ოდნავ დააზიანა, 2 000 ლარის გადახდა დააკისრეს

„მე ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვარ… ავადმყოფი ვარ. მეუღლე დამეღუპა, ონკოლოგიური დაავადება ჰქონდა, შვილიც ონკოლოგიური ავადმყოფია. ჩემი პენსიიდან 350 ლარი სესხში მიდის. რაც მრჩება, ისიც ლუკმა-პურისთვის მჭირდება. ახლა ეს ამხელა თანხა როგორ გადავიხადო? გაბერილია თანხა. მანქანას მხოლოდ შევეხე, სიგნალიზაციაც არ ჩართულა… 2 600 ლარის ზიანი როგორ მიადგა?“ - აცხადებდა პენსიონერი სასამართლო სხდომაზე.

როგორც ირკვევა, კასპში, ერთ-ერთ ჩიხში, ავტომანქანის უკუსვლით გადაადგილებისას პენსიონერი დაზღვეულ მანქანას შეეჯახა. მისი თქმით, დაზიანებული ნაწილის შეკეთება თავად შესთავაზა, თუმცა ავტომობილის მფლობელმა პოლიცია გამოიძახა და ზარალის ექსპერტიზა ჩატარდა.

ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ზარალის ოდენობა 2 600 ლარს შეადგენს. მანქანის მფლობელს ზიანი სადაზღვევო კომპანიამ აუნაზღაურა, რის შემდეგაც სადაზღვევომ პენსიონერისგან თანხის ამოსაღებად დახმარებისთვის ფინანსურ ბიუროს მიმართა.

პენსიონერი მოსამართლეს სთხოვდა, მისთვის თვეში მხოლოდ 50 ლარის გადახდა დაეკისრებინათ. მოსამართლემ განუმარტა, რომ მას შეეძლო ალტერნატიული ექსპერტიზა ჩაეტარებინა და ახალი დოკუმენტი წარმოედგინა.

„ვუთხარი, კრილოს წავიღებ, გაგიკეთებ უკეთესად და მოგიტან-მეთქი. არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა... ზოგი სეირის საყურებლად იყო მოსული, არავინ გამაფრთხილა, რომ ასე უნდა მოვქცეულიყავი. ახლა აღარც ფოტოები არსებობს იმ ავარიის და აღარც არაფერი", - ამბობდა პენსიონერი.

ფინანსური ბიუროს წარმომადგენელმა შესვენების შემდეგ განაცხადა, რომ შესაძლებელი იყო 2 000 ლარის გადახდა 12 თვეზე გადანაწილებით - დაახლოებით 160-170 ლარი ყოველთვიურად. მორიგების აქტი სწორედ ამ პირობებით გაფორმდა, თუმცა პენსიონერი კვლავ აცხადებდა, რომ აღნიშნული თანხის გადახდის შესაძლებლობა არ აქვს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები