დღეს, 7 ნოემბერს, გორის გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მიხეილ ჯავახიშვილის ნაწარმოების მიხედვით დადგმული სპექტაკლის, „მუსუსის“ პრემიერა გაიმართება.
სპექტაკლში მონაწილეობენ: დაჩი ბაბუნაშვილი, ელენე დარჩია, კესანე ზაზუნაშვილი, კობა კოპაძე, ირაკლი სიქტურაშვილი, ნუკა ქევხიშვილი, გური შენგელია და გიორგი ჩოჩნიძე.
მოთხრობაში, რომელიც 1925 წელს მიხეილ ჯავახიშვილმა გამოაქვეყნა, მთავარი გმირი სირბილაანთ მიხაა. ის სამხედრო სამსახურიდან სოფელში ბრუნდება. მას მექალთანის სახელი აქვს გავარდნილი. სოფელში დაბრუნების შემდეგ მიხას ფეფელო შეუყვარდება, თუმცა გოგონას მამა მათი ურთიერთობის წინააღმდეგია და ქალიშვილისთვის სხვა საქმრო ჰყავს შერჩეული. ვის დარჩება „ფეფელო", ამას მაყურებელი თეატრის მცირე დარბაზში გაიგებს.
„მუსუსის“ საპრემიერო ჩვენება 8 და 28 ნოემბერსაც გამეორდება.
წინასაპრემიერო ჩვენებას მსახიობი ნინელი ჭანკვეტაძე სპეციალურად დაესწრო. ამის შესახებ თეატრმცოდნე რევაზ შატაკიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„თავად ის ფაქტი, რომ ამ რანგის მსახიობი იცლის იმისთვის, რომ რეგიონში ახალგაზრდების სპექტაკლზე ჩავიდეს, უკვე ერთგვარი სასიამოვნო ჟესტია", - წერს შატაკიშვილი.
მისივე თქმით, რეპეტიციის დასრულების შემდეგ ნინელი ჭანკვეტაძე მსახიობებს საგრიმიოროში შეხვდა, ახალგაზრდა მსახიობები გაამხნევა და შეაქო.
სტატიის გამოყენების პირობები