ახალი ამბები
ქარელელი ანატოლი გიგაური ორწლიანი პატიმრობის შემდეგ საპატიმროს ნოემბერში დატოვებს

პროევროპული აქციების მონაწილე, ქარელში მცხოვრები ანატოლი გიგაური, მიმდინარე თვეს, ორწლიანი პატიმრობის შემდეგ, ციხეს დატოვებს.

ამის შესახებ განცხადება ფეისბუქის პირად გვერდზე გამოქვეყნდა. საპატიმროს დატოვების შემდეგ, როგორც ანატოლი გიგაურის განცხადებაშია აღნიშნული, იგი აქტიურად გააგრძელებს ბრძოლას საქართველოს ევროპული მომავლისთვის.

„მადლიერებით აღსავსე ვარ, ჩემო მეგობრებო, ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ გამოჩენილი თქვენი პასუხისმგებლობისთვის.

მე უკანონო პატიმრობაში ორი წლით გამომკეტა პოლიტიკურმა მართლმსაჯულებამ. ამა წლის ნოემბერში ვიქნები თავისუფალი. ციხით ვერ გამტეხენ, ბრძოლა იქნება ბოლომდე! სიამაყითა და ვაჟკაცურად მივიღე ტანჯვა-წამება, თავი არ ამირიდებია განსაცდელისთვის. პირიქით, მოთმინებით, სადომაზოხიზმით ვპასუხობდი ბოროტ განზრახვებს. ქედს არ მოვუხრი! ციხით არაფერი მთავრდება!

ასევე შეუპოვრად ვიბრძოლებ საქართველოსთვის, ჩვენი მთავარსარდლის, მიხეილ სააკაშვილის გაძლიერებისთვის. ღირსება, ერთგულება, თავდადება. ეს არის ჩემი ცხოვრების სილაღე, თავდაჯერებულობა, რწმენა და სიყვარული. მაქვს განსაკუთრებული ჟანგბადი, შევიდე დაპირისპირებაში ბოროტებასთან ხალხისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ.

ჩვენი ბრძოლა წმინდაა, ხოლო იდეა და განზრახვა თანასწორობაზე, ზრუნვასა და განვითარებაზე დაფუძნებული ევროპული ქვეყნის შენება.

არ არსებობს ბრძოლაზე უარის თქმის შესაძლებლობა ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის. თვალდაუხამხამებლად მიდიან პატიმრობაში 2, 5, 7, 13 წლით, მაგრამ ქედს არ უხრიან უკუღმართ ხელისუფლებას, დაბოღმილ, გაბოროტებულ, არალეგიტიმურ რეჟიმს.

საზოგადოების ნებაყოფლობით მხარდაჭერა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ვერ მოიპოვა. ძალმომრეობით გადაწყვიტა და აღასრულა ხელისუფლების მიტაცება. ჰიბრიდული ომი აქვს გაჩაღებული საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, პროპაგანდით ავრცელებს შიშს და ადამიანებს შორის ზიზღს აღვივებს.

ნებისმიერ იერარქიაში, სისტემაში, მორჩილება უპირობოდ მოითხოვება. მოღალატე, კორუმპირებულ პიროვნებებს დიდი გავლენა გააჩნიათ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, ძალოვან სტრუქტურებს, პოლიციას, პროკურატურასა და სასამართლოს ყველას მხარდაჭერა აქვთ.

სამოქალაქო თანამშრომლობის პრინციპი სრულიად მორღვეულია. პოლიტიკური პროცესი მკვდარია. სიტყვის თავისუფლება, პროტესტი, განსხვავებული აზრი კრიმინალიზებულია, რასაც ხელისუფლება ღალატის პოლიტიკით აკეთებს.

ხელისუფლება ამას ოპოზიციურ, პროევროპულ პარტიებს აბრალებს, ღალატში ადანაშაულებს და მიტაცებულ საკონსტიტუციო სასამართლოში კრძალავს.

ჩვენ უნდა შევძლოთ, პირველ რიგში, საზოგადოება ვიხსნათ შიშისა და ზიზღისგან. არავისი და არაფრის მეშინია! ვიქნები პირველი ჩემი ხალხის თავისუფლებისთვის ბრძოლაში. წინ აღვუდგები თავხედ, მოძალადე, ბოროტ, ვერცხლისმოყვარე იერარქიას. საჯაროდ ვისაუბრებ მათ ბოროტ განზრახვებზე.

ურთიერთპატივისცემითა და სიყვარულით მოპოვებულ ნდობას სიცოცხლის ფასად არ დავთმობ!

უსაყვარლეს და საპატიო ქარელელებს მე დავანახებ გაერთიანების, განვითარების, გაძლიერების გზას. ჩვენ ყველა ერთად შევძლებთ, შევქმნათ სოფლის განვითარების საუკეთესო მოდელი.

პრიორიტეტად ვაქციოთ ბავშვები და მათი კვება, განათლება. ოლიმპიური სპორტის ყველა სახეობა იყოს ხელმისაწვდომი. დავაფასოთ ხანდაზმულები და მათი ცხოვრება. მოვიკითხოთ, როგორ ცხოვრობდნენ ერთმანეთის თანადგომით, ერთ დიდ ქალაქად.

ახლა თავს მოგვაჯდნენ რუსული აზროვნების, კრიმინალური წარსულის მქონე მომხვეჭელები, რამაც საზოგადოება დაგვყო და დაგვათითოკაცა. ირიბად თუ თვალსაჩინოდ ბატონობენ ხალხთმოძულე ელემენტები.

იტაცებენ ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობას, რესურსებს, საძოვრებს, მიწებს, ტყეებს, მთებსა და მდინარეებს. უკანონობას ეშმაკურად გვასაღებენ კანონზომიერებად. მტაცებლებს ჩვენი საკუთრება შეგვიძლია დავათმობინოთ, რაზეც ქარელელებს ხელმოწერით თანხმობა არ მიგვიცია.

მთავარია, გავერთიანდეთ პატრიოტული სულისკვეთებით, მივეხმაროთ ჩვენს ხალხს, სიყვარულით ვაკეთოთ საქმე, ვუთხრათ არა შიშსა და ზიზღს, სიამაყით, ჯიუტად ვიშრომოთ წარმატებისთვის, დავთრგუნოთ ძალმომრეობა და ბოროტება.

ჩვენ ვართ ევროპა! ტოლერანტობის ისტორიული მაგალითი! წინ, საქართველო! წინ, საქართველო! წინ ევროპისკენ!" - წერს ანატოლი გიგაური.

ანატოლი გიგაური 2024 წლის 25 ნოემბერს, საპროტესტო აქციიდან სახლისკენ მიმავალ გზაზე დააკავეს.

მას ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

გიგაური ადასტურებდა ფაქტს, რომ ხელი ჰკრა პოლიციელს, თუმცა აცხადებდა, რომ ეს იყო თავდაცვა. კერძოდ, საპროტესტო აქციაზე, რუსთაველისკენ მსვლელობით მიმავალს, მას პოლიციელმა ჯერ მუშტი დაარტყა, შემდეგ კი შეაგინა. მისი განმარტებით, მაშინ, როდესაც პოლიციელმა მისთვის მუშტის დარტყმა მეორედ სცადა, მან ხელი ჰკრა და მოიშორა. რამდენიმე საათის შემდეგ ის სახლისკენ მიმავალ გზაზე დააკავეს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები