ახალი ამბები
უფლისციხის კესონებიანი დარბაზი ვიზიტორებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს - კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, უფლისციხის კესონებიანი დარბაზი ვიზიტორებისთვის და ტურისტებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

„უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალთან დაკავშირებით ცალკეული პირებისა და მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული განცხადებები არ ასახავს ძეგლზე არსებულ რეალურ მდგომარეობას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. განსაკუთრებით შემაშფოთებელია საკითხის ფაქტობრივი გარემოებებისგან მოწყვეტით წარმოჩენა. განხორციელებული გამაგრებითი და გადაუდებელი საკონსერვაციო ღონისძიებების შედეგად, დღეის მდგომარეობით, სპეციალისტების მიერ ვიზიტორთათვის უშუალო საფრთხის შემცველი გარემოებები გამოვლენილი არ არის", - აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

განცხადებაში სააგენტო აღნიშნავს, რომ უფლისციხე რთული ბუნებრივი გარემოს პირობებში არსებული უნიკალური კლდეში ნაკვეთი ძეგლია, რომლის დაცვა მუდმივ კვლევას, დაკვირვებასა და შესაბამის ჩარევებს საჭიროებს.

„სწორედ ამ მიზნით, წლების განმავლობაში მიმდინარეობს ძეგლის მდგომარეობის შესწავლა და მონიტორინგი. 2019 წლიდან დაიწყო ადგილობრივი ქვიშაქვისა და მასზე კლიმატური პირობების ზემოქმედების კვლევაც. სპეციალისტთა ჩართულობით განხორციელდა სამხრეთ-დასავლეთით არსებული კლდოვანი მასივის სკანირება, დაზიანებული უბნების გამოვლენა, გამაგრება და ანკერირება. არსებული ბუნებრივი გამოწვევების პარალელურად, ძეგლის მუდმივი შეფასება და შესაბამისი პრევენციული და საკონსერვაციო ღონისძიებების გატარების პროცესი მომავალშიც გაგრძელდება", - ვკითხულობთ განცხადებაში.

Print

სტატიის გამოყენების პირობები