2026 წლის 2-6 ნოემბერს რუსეთის სოფლის მეურნეობის ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის („როსსელხოზნადზორის“) დელეგაცია გორში იმყოფებოდა.
როგორც „როსსელხოზნადზორის“ მიერ გავრცელებულ მასალაშია აღნიშნული, ერთობლივი ფოტო სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის ფილიალის ოფისშიც გადაიღეს.
სტატიის მიხედვით, რუსული დელეგაცია საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს მოწვევით იმყოფებოდა.
„რუსმა სპეციალისტებმა საქართველოს საგამოცდო ლაბორატორიები შეამოწმეს და რუსეთში ექსპორტისთვის განკუთვნილი თესლოვანი და კურკოვანი კულტურების ფიტოსანიტარიული სერტიფიცირების სისტემა შეისწავლეს. დელეგაცია გაეცნო საქართველოს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის მუშაობას, მათ შორის, მცენარეულ პროდუქციაში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ნარჩენების კვლევის მეთოდებს. შეფასდა ლაბორატორიის ტექნიკური აღჭურვილობა, თანამშრომელთა კვალიფიკაცია და სამუშაო პირობების შესაბამისობა დადგენილ სტანდარტებთან", - აღნიშნულია „როსსელხოზნადზორის“ ვებგვერდზე.
ამავე მასალით ირკვევა, რომ რუსმა სპეციალისტებმა დაათვალიერეს გორის მუნიციპალიტეტში თესლოვანი და კურკოვანი კულტურების მოყვანის, შენახვისა და საექსპორტო პარტიების ფორმირების ხუთი ობიექტი.
„აუდიტის შედეგების საფუძველზე ლაბორატორიას გადაეგზავნება შესაბამისი აქტი, რომელიც მის კომპეტენციას, კვლევის მეთოდებსა და შედეგებს შეაფასებს", - წერს რუსეთის სოფლის მეურნეობის ზედამხედველობის სამსახური.
„როსსელხოზნადზორი“ ავრცელებს საქართველოს პოზიციას, რომლის მიხედვითაც, ორი ქვეყნის ციფრული პლატფორმების ინტეგრაციამ შესაძლოა გაამარტივოს ინფორმაციის გაცვლა, გაზარდოს საკარანტინო კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ორმხრივი სავაჭრო ნაკადები და გააძლიეროს პროდუქციის უსაფრთხოებაზე ზედამხედველობა.
სტატიის გამოყენების პირობები