ახალი ამბები
გორში მოსახლეობა ავტოსამრეცხაოს გადატანას ან ღამით მუშაობის შეწყვეტას ითხოვს

გორში, კვერნაკის დასახლებაში, თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე ავტოსამრეცხაო ადგილობრივ მოსახლეობას აწუხებს. მათი თქმით, ობიექტი დღე-ღამის განმავლობაში მუშაობს, ღამით კი ხმაური განსაკუთრებით შემაწუხებელია.

ადგილობრივების ინფორმაციით, ავტოსამრეცხაო სამ წელზე მეტია ფუნქციონირებს. მათი თქმით, ხმაურის გამო ზაფხულში ფანჯრების გაღებასაც ვერ ახერხებენ. მოსახლეობა ასევე საუბრობს ღამის საათებში შეკრებილ ახალგაზრდებზე, რომლებიც ხმამაღლა საუბრობენ და მუსიკას უსმენენ.

ადგილზე მცხოვრებლები ამბობენ, რომ ობიექტის მოწყობისას მოსახლეობისთვის აზრი არავის უკითხავს.

„24 საათი მუშაობს. დღისით კიდევ ვეგუებით ხმაურს, მაგრამ ღამით საშინელი ხმაური შემოდის. მთელი ზაფხული ფანჯრებს ვერ ვაღებდით. გაუსაძლისი მდგომარეობაა", - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

მოსახლეობა ხელმოწერების შეგროვებას და გორის მერიაში განცხადების შეტანას აპირებს. მათი მოთხოვნაა, ავტოსამრეცხაო სხვა ადგილზე გადაიტანონ ან ღამის საათებში მუშაობა შეწყდეს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები