ქარელში 9 აპრილის ახალ მემორიალს ქალაქის გასასვლელში, ხვედურეთის გზის გასწვრივ მოაწყობენ. იქვე გაკეთდება სკვერი, რომელიც ახლადაშენებული ანთიმოზ ივერიელის სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიას მოიცავს.
სამუშაოებისთვის ქარელის მერიას 500 000 ლარი აქვს გათვალისწინებული.
ტაძრის წინამძღვრის, დეკანოზ ვიტალი ღვინიაშვილის განმარტებით, მემორიალის გადატანის ინიციატივით მათ ქარელის მერიას მიმართეს და შესაბამისი თანხმობაც მიიღეს.
„რამდენიმე ხნის წინ ქარელის მერს ვთხოვეთ, რომ ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე 9 აპრილის მემორიალი მოეწყოთ და ძველი მემორიალი აქ გადმოეტანათ. დაგვთანხმდა და უახლოეს პერიოდში სამუშაოები დაიწყება. ვფიქრობ, ეს ქარელში ყველაზე საპატიო ადგილია. აქ ასწლოვანი ხეებია და კარგი ტერიტორიაა. ჩვენს გმირებს უფრო მეტი პატივი ეკუთვნით", - განაცხადა დეკანოზმა.
მისივე თქმით, ის ადგილი, სადაც ახლა მემორიალია განთავსებული, საპატიო ხსოვნას არ შეესაბამება.
„ჩემი აზრით, ის ადგილი, სადაც ახლა მემორიალია განთავსებული, ამას არ შეესაბამება, რადგან იქ სკვერში ხშირად სხვა აქტივობებიც იმართება. ზოგჯერ ტერიტორია მოუწესრიგებელია, ზოგი დასალევად შედის, სიგარეტს ეწევიან. ამიტომ ვფიქრობთ, როგორც ხალხისთვის, ისე მათი სულების მოსახსენიებლად, უმჯობესია, მათ სახელზე ცალკე ადგილი გამოიყოს. ინიციატივით საკრებულოს ხელმოწერების შეგროვების შემდეგ მივმართეთ", - აღნიშნა დეკანოზმა ვიტალი ღვინიაშვილმა.
სტატიის გამოყენების პირობები