ახალი ამბები
„ხელისუფლება ურწმუნოა, სასულიერო პირები თანამდებობის პირებს დაემსგავსნენ" - მეუფე იობი

„დღეს რას ვხედავთ? ჩვენი ხელისუფლება, ჩემი შეფასებით, ურწმუნო და არაეკლესიურია. ამასთან, შეინიშნება ხელისუფლებისა და ეკლესიის შერწყმის მცდელობა", - განაცხადა მეუფე იობმა ურბნისში.

მეუფე იობის თქმით, ეს პროცესი იმაში გამოიხატება, რომ სახელმწიფო ეკლესიას ფინანსურად ეხმარება.

„როდესაც სასულიერო პირებს კომფორტული პირობები ექმნებათ, ჭეშმარიტების აღიარება და სიმართლის თქმა უკვე ძალიან რთული ხდება. დღეს სასულიერო პირების უმრავლესობა თანამდებობის პირებს დაემსგავსა თავისი ცხოვრების წესითა და პირობებით. ბევრისთვის რთული გასაგებია, როდესაც ამბიონიდან ქადაგებ, რომ გაჭირვებულს უნდა დაეხმარო, თავად კი ამას არ აკეთებ. მითხარით, ასეთ შემთხვევაში როგორ უნდა შეისმინოს მრევლმა შენი ქადაგება? ასე ჩამოყალიბდა საქართველოში სასულიერო პირების ერთგვარი დიდი კასტა, რომელიც ხელისუფლებასთან არის შერწყმული. ეს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება", - აღნიშნა მეუფე იობმა.

მისივე თქმით, წმინდა სინოდის ერთ-ერთ სხდომაზე, პატრიარქ ილია მეორესთან, მან გამოთქვა აზრი, რომ ძველი წესი უნდა აღდგეს და მორწმუნემ საკუთარი შემოსავლის 10 პროცენტი ეკლესიას შესწიროს.

„ეს ბევრად უკეთესი და გამართლებული იქნება. ამის მაგალითად საბერძნეთი შეგვიძლია მოვიყვანოთ, სადაც ეკლესია მთლიანად სახელმწიფოსგან ფინანსდება. დღეს მაღალი იერარქიის სასულიერო პირი შესაძლოა ვეღარ ამბობდეს სიმართლეს და ვეღარ გამოხატავდეს საკუთარ დამოკიდებულებას მიმდინარე მოვლენების მიმართ, რადგან ეკლესია ძირითადად სახელმწიფოსგან ფინანსდება", - განაცხადა მან.

ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტმა ასევე ხაზი გაუსვა დაფინანსების გამჭვირვალობის აუცილებლობას.

„კარგი, ვთქვათ, სახელმწიფომ დააფინანსა ეკლესია, მაგრამ ეს პროცესი გამჭვირვალე უნდა იყოს. მრევლის თითოეულ წევრს უნდა შეეძლოს იმის ცოდნა, სად და რაში იხარჯება თანხა, რას ხმარდება ის. შეიძლება ზოგიერთმა თქვას, რომ ყველაფერი გამჭვირვალეა და ყველა ხარჯი ჩანს, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის", - აღნიშნა მეუფე იობმა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები