ახალი ამბები
სასამართლომ ლაშა ნაცვლიშვილი მეუფე იობის შეურაცხყოფის გამო დააჯარიმა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ლაშა ნაცვლიშვილი 2 500 ლარით დააჯარიმა. საქმე სოციალურ ქსელში მის მიერ მროველ-ურბნელი მიტროპოლიტის, მეუფე იობის მისამართით გამოქვეყნებულ შეურაცხმყოფელ პოსტს ეხება.

ლაშა ნაცვლიშვილმა სტატუსი 2026 წლის 11 ნოემბერს გამოაქვეყნა:

„იობ ტვაიუ მაწ რა... (რუსული შრიფტი გაიჭედა და ასე მომიწია დაწერა)“, - დაწერა ნაცვლიშვილმა სოციალურ ქსელში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტმა აღნიშნულ ფაქტზე ადმინისტრაციული საქმის წარმოება 14 ნოემბერს დაიწყო.

სასამართლომ საქმე წვრილმანი ხულიგნობის მუხლით განიხილა და ლაშა ნაცვლიშვილს 2 500 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.

ლაშა ნაცვლიშვილი 2012 წელს „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიით პარლამენტში მოხვდა. იმავე წელს დაინიშნა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ, მოგვიანებით კი საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილედ. იგი ასევე მუშაობდა „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში კონსულტანტად და პროსახელისუფლებო ტელეკომპანია POSTV-ის აღმასრულებელი დირექტორი იყო.

Print

სტატიის გამოყენების პირობები