ხაშურის N5 და ნაბახტევის საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის კონტეინერები განთავსდება.
კონტეინერებისთვის ტერიტორია უკვე შეარჩიეს და დაათვალიერეს მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებმა. დათვალიერებაში მონაწილეობდნენ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლებიც.
ხაშურის N5 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი სწავლის დაწყებიდან 3 დღეში, 2026 წლის 18 სექტემბრიდან შეწყდა. გადაწყვეტილების მიზეზი შენობის ავარიულ მდგომარეობასთან დაკავშირებული ექსპერტიზის დასკვნა გახდა.
ნაბახტევის საჯარო სკოლა უფრო ადრე დაიკეტა, ახალი შენობის აშენება კი ამ დრომდე ვერ მოხერხდა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, დროებითი სასწავლო სივრცეების მოწყობა 2027 წლის თებერვალში დასრულდება. მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კონტეინერების დადგმის მიზანი მოსწავლეებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა და სასწავლო პროცესის შეუფერხებლად გაგრძელებაა.
სტატიის გამოყენების პირობები