ახალი ამბები
ელისო კილაძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

გაზეთ „ქრონიკა პლუსის“ დამფუძნებელი, ელისო კილაძე პირველი ინსტანციის სასამართლომ დამნაშავედ ცნო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ჯვებე ნაჭყებიამ მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ელისო კილაძეს ასევე ჩამოერთვა ორი ავტომობილი და 30 000 აშშ დოლარი.

ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე დაკავებული ჟურნალისტი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს.

„ბრალს არ ვაღიარებ, დამნაშავე არ ვარ, არ ვაპირებ თავისუფლება მოვიპოვო ან საპროცესო გარიგებით, ან სხვა პირების წინააღმდეგ ცრუ ჩვენების ხარჯზე. ჩვენ ვიბრძვით წყვდიადში, რათა ვემსახუროთ სინათლეს! და ეს ბრძოლა გაგრძელდება გამარჯვებამდე!“, - ციტირებს ელისო კილაძის განცხადებას გამოცემა „პუბლიკა“.

ელისო კილაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით ჰქონდა წარდგენილი, რაც ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას - ფულის გათეთრებას გულისხმობს და 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის მტკიცებით, ქოლცენტრის საქმიანობის გამოაშკარავების ან ასეთი რისკის არსებობის შემთხვევაში, სხვადასხვა მედიაპლატფორმაზე სათანადო ინფორმაციის გავრცელებით, ელისო კილაძე დანაშაულებრივი საქმიანობის კანონიერად წარმოჩენას უზრუნველყოფდა.

ამავდროულად, ბრალდების მხარის განცხადებით, კონკურენტი ქოლცენტრების მხილების მიზნით, რომლებიც მათი გავლენის ქვეშ არ იყვნენ მოქცეული, კილაძე გეგმავდა ან ავრცელებდა ინფორმაციას მათი ადგილმდებარეობისა და თანამშრომლების შესახებ, რათა შემდგომში შანტაჟის გზით მათი გადმობირება მომხდარიყო. პროკურატურის ინფორმაციით, გაწეული საქმიანობისთვის მფარველები არარეზიდენტი პირებისგან მოტყუებით დაუფლებული თანხებიდან ყოველთვიურად სოლიდურ სარგებელს იღებდნენ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები